შალვა პაპუაშვილი: 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და შეიქმნა კომისია, ვხედავდი, რა რეაქციები იყო მაშინდელი დასავლეთიდან – რთული იყო, წასულიყავი ამ დიდი მფარველობის წინააღმდეგ, ახლაც ამ წინააღმდეგობას ვაწყდებით
ეს იყო მძიმე წლები, როდესაც რთული იყო, წასულიყავი ამ დიდი მფარველობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
კითხვაზე, რატომ დადგა დღის წესრიგში დამატებითი კომისიის შექმნის საკითხი, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 2012 წელს, როდესაც შეიქმნა კომისია, რათა განეხილათ წინა რეჟიმის დანაშაულები, გამოჩნდაა რა რეაქციები იყო მაშინდელი დასავლეთიდან.
„მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უხეშად შემოიპარა საქართველოში და რომელსაც ჩადენილი აქვს არა ერთი დანაშაული, გასამართლდა საქართველოს სასამართლოს მიერ და მანამდე გასამართლებული იყო, როცა შემოიპარა. დღეს კანონიერ სასჯელს იხდის საქართველოს ციხეში. დღემდე ხომ არ შემწყდარა ზეწოლა, რათა რამენაირად დაიხსნან მართლმსაჯულებისგან? აი, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, მაშინ, როგორც მოქალაქის, თვალით ვუყურებდი ამ ყველაფერს და როდესაც მაშინ შეიქმნა კომისია, რათა განეხილათ წინა რეჟიმის დანაშაულები, ვხედავდი, რა რეაქციები იყო მაშინდელი დასავლეთიდან – მფარველობა და ხელის დაფარება მათი მითითებებით მოქმედი ადამიანების მიმართ.
ეს იყო მძიმე წლები, როდესაც რთული იყო, წასულიყავი ამ დიდი მფარველობის წინააღმდეგ. ახლაც ვხედავთ, რომ ზუსტად ამ წინააღმდეგობას ვაწყდებით. მათ შორის, ეს ისტერია, რომელიც უნდათ, რომ მოაწყონ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ზუსტად ამას უკავშირდება. კიდევ ერთხელ ვხედავთ, ვინ იყო დღეს პლაკატით ხელში და ვინ ტეხდა ისტერიას. ესაა ორგანიზაცია „სირცხვილია“ და საიდან ფინანსდება ორგანიზაცია „სირცხვილია“? უცხოეთიდან. რას აკეთებდა სხვა დროს ორგანიზაცია „სირცხვილია“? „მოლოტოვის კოქტეილებს“ არეკლამებდა. აი, ამ ხალხთან გვაქვს საქმე, რომლებიც დგამენ სცენებს სპეციალურად, რომ ემოციებზე ითამაშონ ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე და ასეთი ისტერიები შექმნან. საქმეც იმაშია, რომ ამ ყველაფერს საზოგადოება დიდი ხანია, შეჩვეულია. თავადაც ხედავთ, რომ არიან აბსოლუტურად ფრუსტრაციაში, საკუთარი უუნარობიდან გამომდინარე. საზოგადოება უკვე ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა მისი განცხადება იმას, რომ ის იყო მომხრე, ეს პროცესი 2012 წელს დაწყებულიყო, მაგრამ საერთაშორისო აქტორების, კონკრეტული სუბიექტების მხრიდან იყო პირდაპირი მოთხოვნა, არ მომხდარიყო პოლიტიკური შეფასება და არ დამდგარიყო სამართლებრივი თუ პოლიტიკური შედეგები, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს ასე იყო.
„თავისთავად. წინა პერიოდზე მე თავად მომსწრე არ ვარ, მაგრამ რისი მომსწრეც ვარ, 2021 წლიდან არა ერთ ვიზიტში ყოფნის დროს იდგა ხან მელიას, ხან სააკაშვილის საკითხი, ხან ის, ხან ის. მთელი ეს ორი-სამი წელი ამით იყო დაკავებული რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი საზღვარგარეთიდან, რომ ყოველდღიურად, ისტერიულ რეჟიმში ემყოფებინათ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა, რათა დაეხსნათ სააკაშვილი ციხიდან. ბოლო-ბოლო, პოლონეთის ხელისუფლების უფლებამოსილი ექიმების ჯგუფი ჩამოვიდა და ადამიანებმა სპეცოპერაცია მოაწყვეს სასჯელაღსრულების დაწესებულების კლინიკაში, როდესაც ჩუმად გაჰქონდათ მიხეილ სააკაშვილის რაღაც ანალიზები. სპეცოპერაცია მოგვიწყო ევროკავშირის წევრი ქვეყნის უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა და ამაზე რაღა უნდა გააკეთონ, თუ რაღა უნდა გამოჩნდეს, როდესაც რაღაც სპეცაგენტის მეთოდებით ცდილობდნენ მიხეილ სააკაშვილის დახსნას? მათ შორის, ის ყალბი შიმშილობის პერიოდი რაც იყო და ამაზე ატეხილი მთელი ისტერია, საზღვარგარეთიდან მოწყობილი, „Free misha“ კამპანიები, ექიმების ჩამოსვლა და მთელი ეს კასკადი; პრეზიდენტი ზელენსკი და პრეზიდენტი სანდუ ხომ გახსოვთ, ფოტოებით რომ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს აწამებსო? პრეზიდენტებს ტყუილები ალაპარაკეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ასეთი დონის მფარველობაა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიმართ.
„რა თქმა უნდა, სადაც 2021-2022-2023 წლებში რთული იყო, ყველა ხედავდა და ყველას ახსოვს, რამხელა ბატალიებს გავდიოდით და გავდივართ დღესაც, რადგან ძალა, რომელიც მფარველობს მიხეილ სააკაშვილს, ცდილობს, ყველანაირად დაიხსნას და რა თქმა უნდა, 2013-2014-2015 წლებში სულ სხვა შესაძლებლობები ჰქონდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და სხვანაირი ძალა ჰქონდა მაშინ იმ უცხოურ ჯგუფებსაც. მაშინ რომ გამოვიდოდა კუბილიუსის მსგავსი რომელიღაც ერთი ევროპარლამენტარი, ნახევარი საქართველო დეპრესიაში ვარდებოდა, როგორ მოვისმინეთ კრიტიკული სიტყვა უცხოეთიდან, დღეს კი ყველა ძალიან კარგად ახარისხებს, ვინ რომელ კლასტერშია, ვინ რომელ ფარულ ჯგუფებშია და რა სქემები მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ. ყველაფერს ეხდება ფარდა; მათ შორის, ამერიკული „Fara“ ამაში ძალიან კარგად გვეხმარება და ცენტებით, დოლარებით ვიცით, ვინ რამდენ ფულს იღებს საქართველოს წინააღმდეგ ამ კამპანიისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.