” საქართველოში ფუტკრის ახალი დაავადება ფიქსირდება, რომლის მართვა, ჯერჯერობით, რთულია” – „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“ სექტორში არსებულ ვითარებაზე
„საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ თავმჯდომარის, მიხეილ თეთრუაშვილის განცხადებით, საქართველოში ფუტკრის ახალი დაავადებაა, ტროპილელაფსოზია გავრცელებული. როგორც მან მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მეფუტკრეები გამოწვევის წინაშე არიან, თუ როგორ ებრძოლონ ახალ დაავადებას, რათა ფუტკარი გადაარჩინონ.
თეთრუაშვილის თქმით, უახლოეს დღეებში აღნიშნულ საკითხზე სამუშაოდ “საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება” სახელმწიფოსთან ერთად ჯგუფს ჩამოაყალიბებს.
მისი ინფორმაციით, დაავადება საკმაოდ დიდი დოზით განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში: გურიაში, სამეგრელოში, იმერეთის ზონაში ფიქსირდება.
“როგორი იქნება თაფლის მოსავალი დღესდღეობით ამის პროგნოზირება შეუძლებელია. ქართული თაფლის მოსავალი, ძირითადად, მაინც ბუნებაზეა დამყარებული. ჩვენთან ნაკლებადაა ხელოვნური სავარგულები, კულტურები, მხოლოდ ბუნებრივ მოსავალზე ვართ, როგორიცაა აკაციის, წაბლის, მინდვრის ყვილების მოსავალი და ა.შ. როგორი გაზაფხული იქნება, როგორ გაგრძელედება ამინდები – მოსავალი ამაზეა დამოკიდებული. მეორე მიზეზი, რამაც, შეიძლება, მოსავალი შეაფერხოს, ძირითადად, დაავადებების მართვაა. მეორე წელია საქართველოში ახალი დაავადება (ტროპილელაფსოზის სახელწოდებით) ფიქსირდება. ახალი იმიტომაა, რომ ეს დაავადება ჯერ ევროპის ქვეყნებშიც არ შესულა. მისი მართვა ჯერჯერობით რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ სამკურნალო საშუალებები ბოლომდე მიკვლეული არაა. ეს დაავადება, დიდი ალბათობით, რუსეთის გამოვლით არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, აფხაზეთიდან შემოვიდა. მეფუტკრეები დილემის წინაშე არიან, თუ როგორ ებრძოლონ ამ ახალ დაავადებას, რათა ფუტკარი გადაარჩინონ.
ახალი დაავადების მართვა გაჭირდება, თუ არა სახელმწიფოს, “მეფუტკრეთა გაერთიანების” ჩართულობა, ერთობლივი მუშაობა. ჩვენ რამდენიმე დღეში, შეიძლება, 1 კვირაში სახელმწიფოსთან ერთად ჯგუფს ვაყალიბებთ. ამ ჯგუფს ასევე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებაც ექნება, რომელიც გადამჭრელ ღონისძიებებთან ერთად ამ დაავადების მართვის მეთოდებს შეისწავლის. ჩვენთან არსებული მდგომარეობა ევროპისთვისაც ცნობილია. შესაძლოა, ევროპიდან სამეცნიერო წრეები დაინტერესდნენ, ჩამოვიდნენ და მართვაში დაგვეხმარონ. დაავადების სწრაფად სამართავად სახელმწიფოსთან ერთად რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, რათა წელს მეფუტკრემ ნაკლები ზარალი მიიღოს. განსაკუთრებით ეს დასავლეთ საქართველოზე ითქმის, გურიაზე, სამეგრელოზე, იმერეთის ზონაზე, სადაც დაავადება საკმაოდ დიდი დოზით ფიქსირდება. თაფლის მოსავალი ფუტკრის ოჯახების შენარჩუნება-გამრავლებაზეა დამყარებული.
ევროპაშიც, ჩვენთანაც სამეცნიერო წრეები მუშაობენ იმისთვის, რომ ამ დაავადების წინააღმდეგ უფრო კარგი პრეპარატი შეიქმნას, ვიდრე ახლა არსებობს. ახლა ჩვენი საშუალო გათვლით, ამ დაავადების გამო შეიძლება , დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახების 50% განადგურდეს. ეს, ალბათ, უფრო ზაფხულის პერიოდში გამოვლინდება. ახლა რამდენიმე პრეპარატი, ასე ვთქვათ, არალეგალურად იტესტება, არა კვლევის, სამეცნიერო მიმართულებით, არამედ თვითონ მეფუტკრეები სატესტო პასუხებს დებენ და დადებითი სიგნალები მოდის, რომ ამ დაავადებაზე პრეპარატმა კარგად იმუშავა. ფუტკრის ოჯახების დაცემა და ლეტალობა, შესაძლოა, ისეთი დიდიც არ იყოს, რასაც ვვარაუდობთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ჯგუფი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად უნდა შეიქმნას ქმედით უნარიანი იქნება. ჩვენთან მსჯელობა იყო, რომ ერთადერთი შეიძლებოდა, კარანტინი დაწესებულიყო, მაგრამ, სხვა დაავადებებთან მიმართებით კარანტინის დაწესებამ ევროპაშიც კი აჩვენა, რომ ეს ისეთი შედეგს ვერ დებს”, – განაცხადა მიხეილ თეთრუაშვილმა.
მანვე ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალის შესახებ ისაუბრა.
“მას შემდეგ რაც ჩვენთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა, ჩვენი საექსპორტო პოტენციალი კი გახსნილია, მაგრამ მთლიანად იმაზე ვართ დამოკიდებული, თუ როგორი იქნება თაფლის მოსავლიანობა ევროპის ბაზარზე. ეს თაფლის თვითღირებულებას არეგულირებს. როცა ვამბობთ, რომ შარშან ექსპორტი შემცირდა, ეს მთლიანად დამოკიდებული იყო იმაზე, რომ ევროკავშირში თაფლის თვითღირებულება შემცირდა, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში მოსავალი საკმაოდ მაღალი იყო და ჩვენთან თაფლის თვითღირებულებამ კონკურენცია ვერ გაუწია. მე არ ვგულისხმობ ხარისხს, საკმაოდ მაღალი ხარისხის თაფლი გვაქვს. ჯერჯერობით ევროპის ქვეყნები აქცენტს ხარისხზე მეტად თვითღირებულებაზე აკეთებენ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენგან თაფლს საბითუმო ფასებში ყიდულობენ. ევროპის ბაზარზე ჩვენგან თაფლი გადის არა დაფასოებული, არამედ იქაური ქარხნები იბარებენ და შემდგომ სხვადასხვა თაფლებში შერევა ხდება. ანუ, თაფლი ქართული სახელით მათ დახლებზე, ჯერჯერობით, არ არის. თუ თაფლი დაფასოებული სახით გავა, რომელიმე ქართული კომპანია იქაურ რომელიმე მარკეტულ ქსელს აითვისებს, ეს, რა თქმა უნდა, მეფუტკრის თაფლის ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის და ევროპისგან, შეიძლება, გადახდისუნარიანობის კუთხით უფრო მეტი პერსპექტივა გაჩნდეს.
ევროპის გარდა ნუ დაგვავიწყდება, რომ ძალიან აქტიურად ჩაერთო ამერიკის შეერთებული შტატები, აზიის ბაზარი. ქართული თაფლის შარშანდელი გაყიდვებიდან, დაახლოებით, 25 ტონა, ძირითადად, აზიურ და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრებზე ფიქსირდება”, – განაცხადა თეთრუაშვილმა.