დაიბადა თბილისში. დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ამავე დროს, 5 წლიდან ცეკვავს ქართულს. 19 წლიდან ქორეოგრაფობაც შეითავსა. დღემდე უზომოდ უყვარს თავისი საქმე და ხელოვნება.
მას შემდეგ, რაც ვერაგი დაავადება – სიმსივნე დაუდგინდა, 8 თვეა ამოვარდნილია, როგორც თავად ამბობს, ცხოვრების გიჟური ფერხულიდან. იმედოვნებს, რომ მალე დაუბრუნდება საყვარელ საქმიანობებს.
„კოვიდის პერიოდში პირველად მქონდა დიდი პაუზა ცეკვასა და მხატვრობაში. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო. ამიტომ დავიწყე ორი საყვარელი საქმის გაერთიანება და შევქმენი ესკიზები ნაციონალურ სამოსში ცეკვის ელემენტებით. დღემდე დიდ სიამოვნებას ვიღებ მათი შექმნით. ვმუშაობ გუაშით და ძალიან წვრილი ფუნჯით“.
გეგმებმა დაავადების გამო გადაიწია. „სამწუხაროდ, ავადობის დრო არ მქონდა, მაგრამ ვებრძვი ამ ვერაგ დაავადებას. მომიწევს ქვეყნის დატოვებაც“. – მხატვარ-დიზაინერ თეონა მუსელიანის პერსონა.
– ბავშვობიდან. არაერთი რამ მაინტერესებდა, თუმცა ცეკვამ და მხატვრობამ განსაკუთრებით შემიტყუა. ვარჯიში მაბედნიერებდა და პირველი კონცერტიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო. ჩემი ოჯახი ხელმომჭირნედ ცხოვრობდა, ამიტომ ვერ ვახერხებდი შესაძლებლობების რეალიზებას. მადლობა ჩემს პირველ ქორეოგრაფებს. მათ დიდი წვლილი მიუძღვით.
– სამხატვრო აკადემია და სტუდენტობის წლები. რატომ ხატვა?
– სასიამოვნო იყო სტუდენტობა. 4 წლის განმავლობაში არაჩვეულებრივი ლექტორების მასწავლიდნენ. დღემდე ვუკავშირდებით ერთმანეთს. აკადემია მამას აუსრულებელი ოცნება იყო. თოიძის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა და სამხედრო ვალდებულების გამო აკადემიაში ჩაბარება ვეღარ მოასწრო. მისი დიდი სურვილი იყო, მე დამემთავრებინა. მადლობა მამიკოს, რომ დავუჯერე. ჩავირიცხე ტექსტილის დიზაინის უფასო ფაკულტეტზე.
– კორონავირუსის პერიოდის შემდეგ პაუზა გქონდათ ხატვასა და ცეკვაში. მას შემდეგ დაიწყეთ ესკიზების შექმნა ნაციონალურ სამოსში ცეკვის ელემენტებით…
– კოვიდის პერიოდი ყველასთვის რთული იყო. თითქოს შეწყდა ცხოვრება. ფიზიკური დატვირთვის გარეშე ვერ წარმომედგინა…. დიდი ხნის შენახული პალიტრა გავაღვიძე და ცეკვის მონატრება ესკიზებზე გადავიტანე. მას შემდეგ არ მოვდუნებულვარ იმდენად დიდ სიამოვნებას ვიღებ მათი შექმნით. თუ არ ჩავთვლით მკურნალობის ამ 8 თვეს.
– როგორ იქმნება ესკიზები?
– სევდა ყველაზე დიდი მუზა ყოფილა… ასე შეიქმნა ჩემი ესკიზები. ჩაკეტილობის და ფიქრის ფონზე.
– ჰობი…
– ძალიან მიყვარს მოგზაურობა.
– 12 წლის შვილს – მათეს უყვარს ხელოვნება…
– ჩემი ბიჭი დამყავს როგორც ქართულ ცეკვებზე, ისე ხალხურ საკრავებზე. მას ეს ყველაფერი შეუძლია, თუმცა თავისი შრომის ამბებს არაფრით მიყვება.
– ვერაგ დაავადებას ებრძვით. მძიმეა თან სენთან ბრძოლა, თან შემოქმედებითი მუშაობა.
– იუნგის სარკომა დამიდგინდა. ორი ოპერაცია და ქიმიოთერაპიის კურსი გამოვიარე. სამწუხაროდ, ისევ აქტიურია და ამის გამო მიხდება ქვეყნის დატოვება. ამ პერიოდში ვერ ვარ შემოქმედებითი. ფიზიკურად არ შემიძლია და უზომოდ მენატრება. ამიტომ მეჩქარება განკურნება
– შეგვახსენეთ ანგარიშის ნომერი, რომ მსურველები დაგეხმარონ?
– თიბისი ბანკის ანგარიში. თეონა მუსელიანი GE47TB7413345068100038
საქართველოს ბანკი. ცირა მუსელიანი GE04BG0000000594641293
– გამოფენები და სამომავლო გეგმები….
– დიდი იმედი და ოცნებაა – გამოფენა. ჩემი მამიკოს ოცნებაც იყო და იმედი მაქვს, შევძლებ ოდესმე. მის სულსაც გავახარებ. იმედია, კვლავ შევძლებ, ცეკვასაც დავუბრუნდე.
თამარ შაიშმელაშვილი