ადამიანი, რომელმაც უსინათლობა სუპერძალად აქცია — დენიელ ქიშის საოცარი ისტორია
ადამიანები ფიქრობენ, რომ დაქვეითებული ან, მით უმეტეს, დაკარგული მხედველობა ბევრ საკითხში გვზღუდავს, თუმცა დენიელ ქიშმა „ხედვის“ სრულიად ახალი მეთოდი შეიმუშავა და დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის.
დენიელ ქიში 1966 წელს დაიბადა კალიფორნიაში. მხოლოდ 13 თვის იყო, როცა თვალის სიმსივნის გამო ორივე თვალი ამოკვეთეს. გარშემო მყოფები, მათ შორის, ექიმებიც, ფიქრობდნენ, რომ ბიჭი გარემოს აღქმას მხოლოდ შეხებითა და სმენით შეძლებდა, თუმცა დენიელს სხვა გეგმები ჰქონდა…
მან ბავშვობიდანვე შეამჩნია, რომ როცა პირს აწკლაპუნებდა, ხმები გარემოს სხვადასხვა საგანზე აირეკლებოდა, რაც მათი ზომისა და მდებარეობის განსაზღვრაში ეხმარებოდა. ამგვარად, სრულიად უნებლიეთ, მან აღმოაჩინა ექოლოკაცია – უნარი, რომელსაც ღამურები და დელფინები გარემოს აღსაქმელად იყენებენ.
დენიელმა თანდათან დახვეწა საკუთარი უნარი. პირის წკლაპუნის საშუალებით, ის ხვდებოდა, სად იყო კედლები, ხეები თუ სხვა ობიექტები. ეს ტექნიკა იმდენად სრულყო, რომ ველოსიპედის ტარება, დამოუკიდებლად ლაშქრობა და ხეებზე ცოცვაც კი შეძლო.
მეცნიერებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ მისი ტვინი ამუშავებდა ექოს ისეთივე სიზუსტით, როგორც მხედველობითი ნერვები ამუშავებენ ვიზუალურ გამოსახულებებს. ეს ფაქტი ცხადყოფდა, რომ დენიელის ექოლოკაციის უნარი არა მხოლოდ, განსაკუთრებული იყო, არამედ მან სრულიად ახალი გზა გამონახა სამყაროს აღსაქმელად.
დენიელი არ შეურიგდა იმ აზრს, რომ მხედველობადაკარგულ ადამიანს შეზღუდული შესაძლებლობები უნდა ჰქონოდა. პირიქით, მან საკუთარი ცხოვრება იმ მიზანს მიუძღვნა, რომ სხვებისთვისაც ესწავლებინა ექოლოკაციის გამოყენება და მათ თავისუფლების მოპოვებაში დახმარებოდა.
მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია – World Access for the Blind – დღეს ათასობით უსინათლო ადამიანს ეხმარება ექოლოკაციის ტექნიკის დაუფლებაში. დენიელმა დაამტკიცა, რომ სწორ მიდგომასა და სწავლებას შეუძლია, შეზღუდვები ახალ შესაძლებლობებად გარდაქმნას.
მამაკაცის საოცარმა ნიჭმა და ისტორიამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. მისი ცხოვრება ასახულია დოკუმენტურ ფილმებში, TED Talks გამოსვლებში და სამეცნიერო კვლევებში. ის არა მხოლოდ უსინათლო ადამიანების ცხოვრებას ცვლის, არამედ ცვლის საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ადამიანის პოტენციალის შესახებ.
