შალვა პაპუაშვილი: რამდენიმე კონგრესმენი ქართველი ხალხის მიმართ მტრულ აქტს როცა აინიცირებს, ეს არის დიდი უმადურობა, დაუნახაობა ჩვენი ჯარისკაცების თავგანწირვისა, რომელიც ავღანეთის ომში გავიღეთ

რამდენიმე კონგრესმენი ქართველი ხალხის მიმართ მტრულ აქტს როცა აინიცირებს, ეს არის დიდი უმადურობა, დაუნახაობა ჩვენი ჯარისკაცების თავგანწირვისა, რომელიც გავიღეთ ავღანეთის ომში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

„ავღანეთში ჩვენ ვიყავით მეოთხე ქვეყანა სამხედროების რიცხოვნობით, თუ არ ვცდები, გერმანიისა და იტალიის შემდეგ, იმ ქვეყნებს, დღეს რომ ბევრს ლაპარაკობენ ომზე, მათ შორის ბალტიის ქვეყნებს, 40-50 ჯარისკაცი, არც კი ჯარისკაცი, ძირითადად საშტაბო შემადგენლობა ჰყავდათ ავღანეთში, მაშინ, როცა ჩვენ 1 000-1500 გვყავდა. ჩვენი წვლილი ამ საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში გავიღეთ მაშინ, როცა ბევრმა ზურგი აქცია აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე ამ მისიას.

როცა ასე გვერდით დავუდექით ამერიკელ ხალხს და რამდენიმე კონგრესმენი ზურგს აქცევს ქართველ ხალხს, მის მიმართ მტრულ აქტს აინიცირებს, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი უმადურობა, დაუნახაობა ჩვენი ჯარისკაცების იმ დიდი წვლილის, თავგანწირვისა, რომელიც გავიღეთ ავღანეთის ომში.

თავადაც ციტირებენ, რომ ქართველები იყვნენ ზუსტად ის სამხედროები, რომლებთან ერთადაც ამერიკელ ჯარისკაცებს უნდოდათ წინა ხაზზე ყოფნა. თუკი ვინმესთან ერთად უნდოდათ წინა ხაზზე ყოფნა და ბრძოლა, იყვნენ ქართველები. ასეც ვიყავით, წინა ხაზზე ვიყავით მაშინ, როდესაც ნატო-ს ქვეყნების 90 პროცენტი შტაბებში და სხვა ასეთ დაცვის ღონისძიებებში იყვნენ ჩართული, ზოგი საერთოდ არ იყო წარმოდგენილი ავღანეთის მისიაში. ასე რომ, თავისი არსით, ეს არის ქართველი ხალხის მიმართ მტრული შინაარსის აქტი, რომელიც ამავე დროს, კონკრეტული კონგრესმენების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ დიდ უმადურობას აჩვენებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები