შალვა პაპუაშვილი: მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის ხელისუფლება – იმედი მაქვს, ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნება მოძებნილი
მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის ხელისუფლება. იმედი მაქვს, ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნება მოძებნილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ ჭიათურელი მაღაროელების პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება არის ყველაზე მეტად დაინტერესებული, რომ მოქალაქეები არ დარჩნენ უმუშევარი, შემოსავლის გარეშე და ეკონომიკური განვითარება ეროვნული ინტერესის დონეზეა აყვანილი.
„ჩვენი საზრუნავი არის თითოეული ჩვენი მოქალაქე. ეს არის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს 2012 წლიდან მოყოლებული. ამას რომ ვაკეთებთ იმიტომ არის, რომ უმუშევრობა ჩვენთან 27%-დან 11%-მდე ჩამოვიდა. ჩვენ არჩევნებზე იმ დაპირებით გავედით, რომ ოთხ პროცენტამდე ჩამოვიყვანთ უმუშევრობას. ჩვენთან სიღარიბე 30 პროცენტიდან 11%-მდე ჩამოვიდა და 2028 წლამდე ვაპირებთ, რომ 14%-მდე დავწიოთ ეს მაჩვენებელი. სინამდვილეში, მთელი ჩვენი საზრუნავი ეს არის.
ჩვენ ვართ ყველაზე მეტად დაინტერესებული, რომ ჩვენი მოქალაქეები არ დარჩნენ უმუშევარი, შემოსავლის გარეშე. ყველანაირად ვზრუნავთ, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება მოქალაქეთა გარკვეულ დიდ რაოდენობის ჯგუფს ერთ გეოგრაფიულ სივრცეში. ეს არის განსაკუთრებული სოციალური გამოწვევა და ამას ყურადღებას აქცევს საქართველოს მთავრობა. მიდის ამ საკითხზე მსჯელობა, სხვადასხვა სახის ჩართულობაა და იმედი მაქვს, შესაძლებელი იქნება ისეთი გამოსავლის მოძებნა, რომელიც ყველას ინტერესში იქნება.
მინდა, ჭიათურის მოსახლეობას და მათ შორის მაღაროელებს ვუთხრა, რომ საქართველოს მთავრობა ზრუნავს ამაზე, პარლამენტი ყურადღებით აკვირდება მთავრობის აქტივობებს. ეს ის გამოწვევა, რომელიც ობიექტურად არსებობს და რთულია ამის სრული გადაწყვეტა, ბევრი მიზეზის გამო – თანამედროვე ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე ფასების გამო, ტექნოლოგიებიდან გამომდინარე. არ არის ახალი პრობლემა და გამოწვევა, მაგრამ მთავრობა ყველაფერს აკეთებს. ეს არის არა ამ მომენტიდან გამომდინარე ზრუნვა, არამედ ჩვენი პოლიტიკის ნაწილია.
ჩვენთვის სამუშაო ადგილების შექმნა არის ამოცანა, ეკონომიკური განვითარება ეროვნული ინტერესის დონეზეა აყვანილი. ჩვენ ეკონომიკურად თუ არ განვვითარდით, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა არ აიწია, დავივიწყოთ საუბარი ნებისმიერ წარმატებული გაერთიანების წევრობაზე, არავის არ ვჭირდებით, თუ ღარიბი ქვეყანა ვიქნებით. ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი. ზუსტად იმიტომ, რომ იციან, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, არიან ძალები, რომლებიც ამას ურტყამენ.
ჩვენ კვლავ ვხედავთ, უცხოეთიდან დაფინანსებულ გარკვეულ ორგანიზაციებს, გარკვეული ბიზნეს აქტივისტებს და არა ბიზნესმენებს, რომლებიც იბრძვიან, რომ რამენაირად დააზიანონ ჩვენი ეკონომიკა, წაახალისონ სოციალური უკმაყოფილება. ეს ყველაფერი არის საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმის ნაწილი, რომ ხელყოფილი იყო ჩვენი ეროვნული ინტერესი ეკონომიკური ზრდის, ბიზნესის განვითარების და რაც მთავარია, მოსახლეობის კეთილდღეობის მიღწევის.
მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, მეშახტეზე, არის საქართველოს ხელისუფლება, ხელისუფლება ფიქრობს ამაზე, ჩართულია ამ საკითხზე. იმედი მაქვს, რომ ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნება მოძებნილი, რაც ჩვენი ქვეყნის ობიექტურ შესაძლებლობებშია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.