ზაზა გოგავა: არ გავგიჟებულვარ ეგრე, რომ გამოვაცხადო, ჩვენ რეზერვის სისტემა შევქმენით ისეთი, რომ შემდეგ შედეგები მოეტანა – არა; გეთანხმებით, რომ უხეშად რომ შეხედო ამას, სამხედროსთან მიახლოებული ამას არაფერი აქვს
გენერალმა ზაზა გოგავამ, რომელიც 2008 წლის ომის დროს გაერთიანებულ შტაბებს ხელმძღვანელობდა, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან აგვისტოს ომის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ისეთი რეზერვის სისტემა არ შეუქმნია საქართველოს, რომ შემდეგ ამას შედეგი მოეტანა.
მისივე განცხადებით, სარეზერვო სისტემა შექმნის პროცესში იყო და ომის დროს მათ მობილიზებაში ჩართეს მუნიციპალიტეტები. გოგავამ ასევე აღნიშნა, რომ „უხეშად რომ შეხედო“, ამას სამხედროსთან მიახლოებული არაფერი აქვს.
„ის რეზერვის დანაყოფები, რაც გარკვეულ ადგილებზე ჩავრთეთ, ქაოსურად იყო თუ გეგმურად იყო, დავარცხნილები იყვნენ თუ მომზადებულები არ იყვნენ, მათ მინდა მადლობა ვუთხრა აქედან, რომ თავის თავზე აღებული ამოცანები ასე თუ ისე შეასრულეს. ბოდიში უნდა მოვუხადო იმ მოხალისეებს ვინც მოგვაკითხა, ბევრი იყო ასეთი საქართველოს მოქალაქე და ჩვენ უბრალოდ უარი ვუთხარით მათ. წარმოიდგინეთ, კადრირებული ბრიგადები, რომელშიც, დაახლოებით ხუთი ოფიცერია. თუ ვინმე ამ ქვეყანაზე მოიძებნება ისეთი, ვინც იტყვის, რომ 2008 წელში საქართველოს და არც გავგიჟებულვარ ეგრე, რომ ზაზა გოგავამ გამოაცხადოს ახლა, რომ ჩვენ რეზერვის სისტემა შევქმენით ისეთი, რომ ამ რეზერვის სისტემას შემდეგ შედეგები მოეტანა – არა, შექმნის პროცესში მყოფი სარეზერვო [სისტემებია], სადაც არ გვყოფნის ოფიცრები. კადრირებული ბრიგადა წარმოგიდგენიათ, ბრიგადაზე ხუთი ოფიცერიც კი არ გვყავს. ამ დროს, პრაქტიკულად, მათი შეკრების ადგილებში, ამაში ჩართეთ მუნიციპალიტეტები, რომ ტრანსპორტით, ყველაფრით [უზრუნველეყო]. გეთანხმებით, რომ უხეშად რომ შეხედო ამას, სამხედროსთან მიახლოებული ამას არაფერი აქვს, მაგრამ, ასეთი რეალური მდგომარეობა იყო მაშინ”, – აღნიშნა ზაზა გოგავამ.