ბარი მარშალი — მეცნიერი, რომელმაც ექსპერიმენტისთვის საკუთარი სხეული გაწირა

ბარი მარშალი ერთ-ერთი იმ მეცნიერთაგანია, რომელმაც სამედიცინო სამყარო თავდაყირა დააყენა. იმის დასამტკიცებლად, რომ კუჭის წყლულს ბაქტერია იწვევს და არა სტრესი ან ცხარე საკვები, მან უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო — ექსპერიმენტისთვის საკუთარი სხეული გაწირა.

1980-იან წლებში ექიმები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ კუჭის წყლულის მთავარი გამომწვევი სტრესი, ცუდი კვება და მაღალი მჟავიანობა გახლდათ. ავსტრალიელი ექიმი ბარი მარშალი და მისი კოლეგა რობინ უორენი ეჭვობდნენ, რომ ეს ასე სულაც არ იყო.

მათ აღმოაჩინეს ბაქტერია Helicobacter pylori, რომელიც ,ხშირ შემთხვევაში, კუჭის ლორწოვანში ბუდობდა. მარშალი დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ეს ბაქტერია იწვევდა წყლულს, მაგრამ სამედიცინო საზოგადოება მხარს არ უჭერდა. შესაბამისად, საჭირო იყო მტკიცებულება, ადამიანზე ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელიც მოსაზრებას დაადასტურებდა და ყველაფერს შეცვლიდა.

იმის გამო, რომ კლინიკური კვლევებისთვის საჭირო დრო და რესურსები არ ჰქონდა, მარშალმა, მეცნიერების სასარგებლოდ, საკუთარი სხეული გაწირა. 1984 წელს მან ლაბორატორიაში გამოზრდილი H. pylori-ის ბაქტერია, უბრალოდ, დალია.

მეცნიერს მალევე დაეწყო ძლიერი გულისრევა, მუცლის ტკივილი და სერიოზული კუჭის პრობლემები. 10 დღეში მისმა კუჭმა წყლულის განვითარება დაიწყო — ზუსტად ისე, როგორც მან იწინასწარმეტყველა.

ცდამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ H. pylori იყო კუჭის წყლულის მთავარი მიზეზი. მარშალმა და უორენმა, ასევე, აღმოაჩინეს, რომ დაავადება მარტივად განიკურნებოდა ანტიბიოტიკებით და არა წლობით დიეტისა და მჟავის საწინააღმდეგო პრეპარატებით.

მათმა აღმოჩენამ სამუდამოდ შეცვალა მედიცინა — წლების განმავლობაში, კუჭის ოპერაციები და მკაცრი დიეტები იყო ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ შემდგომ წყლულის მკურნალობა შედარებით მარტივი გახდა.

მრავალი წინააღმდეგობის შემდეგ, 2005 წელს ბარი მარშალმა და რობინ უორენმა ნობელის პრემია მიიღეს მედიცინის დარგში. ეს იყო აღიარება იმ სიმამაცისთვის, რომ მარშალმა მედიცინისთვის საკუთარი ჯანმრთელობა გაწირა. დღეს, მისი აღმოჩენის წყალობით, მილიონობით ადამიანი იღებს სწორ და ეფექტურ მკურნალობას კუჭის წყლულზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები