ქართული ოპოზიცია ტრადიციულად ცდილობს ხელისუფლება რუსული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულოს, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, როგორც ჩანს, საპროტესტო გამოსვლების ასაგორებლად, მარტის აქციების მსგავსად ახლა სავიზო რეჟიმის თემატიკა უნდა გახდეს სამაისოდ აქტუალური.
„რუსეთის მხრიდან თავის დროზე ცალმხრივად დაწესებული სავიზო რეჟიმის რუსეთისვე მიერ გაუქმების და ფრენების აღდგენის ფონზე კვლავ გააქტიურდა სავაჭრო ურთიერთობების პოლიტიზირების ნაცნობი სცენარები.
ქართული ოპოზიცია ტრადიციულად ცდილობს ხელისუფლება რუსული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულოს. ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტიც ამ პოლიტიკის ნაწილია, რაც ითვალისწინებს იმ აკრძალული საქონლის სიის გაფართოებას, რომელიც რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. მართალია, მათი რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, საქართველო ამ ქვეყნების სიაში გასულიყო, სრული ფიასკოთი დასრულდა, მაგრამ როგორც ჩანს საპროტესტო გამოსვლების ასაგორებლად, მარტის აქციების მსგავსად ახლა სავიზო რეჟიმის თემატიკა უნდა გახდეს სამაისოდ აქტუალური“, – წერს ცუცქირიძე.
მისი თქმით, როდესაც ოპოზიციის მხრიდან არის გაუთავებელი საუბარი რუსეთთან სრულ სანქციების მიერთებაზე, ეს ზედმეტად უტრირებულია და წმინდა პოლიტიკურ სპეკულაციას წარმოადგენს.
„რაც შეეხება ზოგადად სანქციების მე-11 პაკეტს, ეს პირველ რიგში შეეხება ექსპორტის შემდგომ შეზღუდვებს, უპირველეს ყოვლისა, გავლენას მოახდენს ტექნოლოგიების სფეროსა და საავიაციო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ საქონელზე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ზომები ჯერ კიდევ განიხილება და გამოყენებულ იქნება ძალიან ფრთხილად, რისკის საფუძვლიანი ანალიზისა და ევროკავშირის ყველა წევრის მიერ დამტკიცების შემდეგ. ახალი პაკეტის კიდევ ერთი ელემენტია „ჩრდილოვანი“ სტრუქტურების აკრძალვა რუსეთიდან და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, რომლებიც მიზანმიმართულად არღვევენ ბრიუსელის სანქციებს.
აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მეშვეობითაც ფიქსირდება ანტირუსული სანქციების თავიდან აცილების შემთხვევები, მოხსენიებულია: ყაზახეთი, სომხეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები და საერთოდ არ არის საუბარი, მათ შორის მინიშნებითაც საქართველოზე.
აღნიშნული პაკეტის ეფექტიანობა მომავალში უფრო გამოჩნდება, თუმცა გაცილებით საინტერესოა თუ როგორია სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირსა და რუსეთს შორის, არასანქცირებულ საქონელზე.
ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 2022 წელს არა თუ შემცირდა, არამედ 2.3%-ით, 5.9 მილიარდი ევროთი გაიზარდა და 258.7 მილიარდი ევრო შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რუსეთთან ბრუნვის წლიური ნაზარდი 2-ჯერ აღემატება საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვას რუსეთთან 2022 წლის განმავლობაში!
ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან წმინდა ციფრებში რომ გადავიყვანოთ, 110-ჯერ აღემატება საქართველოს სავაჭრო ბრუნვას რუსეთთან, თურქეთის სავაჭრო ბრუნვა საქართველოზე 27-ჯერ მეტია, სამხრეთ კორეის 8-ჯერ მეტად, ხოლო აშშ-ში 6-ჯერ უფრო მეტია.
როდესაც არის ხოლმე ოპოზიციის მხრიდან გაუთავებელი საუბარი რუსეთთან სრულ სანქციების მიერთებაზე, და აქცენტების გადატანა რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის 52 %-იან ზრდაზე, როდესაც საქართველოს წილი რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში მხოლოდ 0.3% -ია, არის ზედმეტად უტრირებული და წმინდა პოლიტიკურ სპეკულაციას წარმოადგენს, მით უმეტეს ევროკავშირის წილი რუსეთთან დღემდე სავაჭრო ბრუნვის 32%-ს, ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის – თურქეთის შემთხვევაში – 8%-ს, ხოლო აშშ-ს 2%-ს შეადგენს.
2022 წელს ევროკავშირში რუსეთიდან იმპორტი 24%-ით გაიზარდა და 203.6 მილიარდი ევრო (216 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა. მართალია, რუსეთიდან იმპორტის ზრდა ძირითადად ფასისმიერ ზრდას უკავშირდება, და რაოდენობრივ გამოხატულებაში ყველა ძირითადი საიმპორტო პროდუქტის მიხედვით კლება შეინიშნებოდა, თუმცა აღნიშნული კლება გამოწვეულია ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების: გერმანია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, იტალია და პოლონეთის მიერ რუსეთიდან იმპორტის შემცირებით.
თუმცა დღემდე ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნების ნაწილის მხრიდან 2022 წელს რუსეთიდან იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, მათ შორისაა არა მხოლოდ უნგრეთი, რაზეც აქ კეთდება ხოლმე აქცენტები, აქაც ბუნებრივია პოლიტიკურ რაკურსში, არამედ საბერძნეთი, ბელგია, ავსტრია, ბულგარეთი და სლოვენია ანუ ან ქვეყნებმა არა თუ უარი ვერ თქვეს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის შეკვეცაზე, არამედ გაზარდეს კიდეც!
რუსული გაზის ტრანზიტით მიღებულ შემოსავლებს რაც შეეხება, რაც სპეკულირების კიდევ ერთ თემას წარმოადგენს, თუ საქართველოს მიერ რუსული გაზის ტრანზიტი სომხეთში 2022 წელს საშუალო დღიური მაჩვენებლით 7 მლნ. კუბურ მეტრს შეადგენდა მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში მყოფი უკრაინის გავლით რუსეთი ევროკავშირს საშუალოდ დღიურად 35 მლნ. კუბურ მეტრ გაზს აწოდებს, ხოლო 2022 წლის მონაცემებით, საშუალო დღიური ტრანზიტი გაცილებით მეტი 46 მლნ. კუბური მეტრი იყო. შესაბამისად, 2022 წელს უკრაინამ წლიურად 570 მლნ. დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო ევროპაში რუსული გაზის გატარებიდან, მაშინ როცა საქართველოს მიერ რუსეთისთვის გაზის იმპორტში გადახდილი თანხა 2022 წელს 5 ჯერ ნაკლებს 112 მლნ. დოლარს შეადგენდა.
ამასთან, ევროკავშირი საშუალოდ 4 დღის განმავლობაში ვაჭრობს იმაზე მეტს რუსეთთან, ვიდრე საქართველო მთელი წლის განმავლობაში. იგივე ევროკავშირმა 2010-2022 წლებში რუსეთისგან იყიდა 2.5 ტრილიონი აშშ დოლარის საქონელი, რითაც საკმაოდ მსუყედ დააფინანსა რუსეთის ბიუჯეტი და მომავალი სამხედრო კამპანიაც 2014 წელს ყირიმის ოკუპაციით დაწყებული. ამ შემთხვევაში საქართველომ რუსეთის ბიუჯეტი, 10.1 მლრდ აშშ დოლარით დააფინანსა, რაც 251-ჯერ ნაკლებია ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის გადახდილ თანხაზე“, – აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
ეკონომისტის თქმით, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ჩატარებული კვლევებიც აჩვენებს, რომ რუსეთის სანქციებზე ორმხრივ ჭრილში მიერთების სავარაუდო შედეგები უმძიმესი იქნებოდა.
„რუსეთის წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყნად რჩება აშშ-ის ნომერ პირველი სტრატეგიული ქვეყანა ისრაელი და თურქეთი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თურქეთი არ შეუერთდება სანქციების ახალ პაკეტს, რადგან ის სერიოზულად დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას. (თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ჩატარებული კვლევებიც აჩვენებს, რომ რუსეთის სანქციებზე ორმხრივ ჭრილში მიერთების სავარაუდო შედეგები უმძიმესი იქნებოდა:
2022 წელს რეალური მშპ-ს მოსალოდნელი დაახლოებით 10 პროცენტიანი ზრდის ნაცვლად საქართველო მიიღებდა:
- უარესი სცენარით – 17.1 პროცენტიან ვარდნას;
- შუალედური სცენარით – 9.6 პროცენტიან ვარდნას;
- ოპტიმისტური სცენარით – 4.1 პროცენტიან ვარდნას.)
ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორები მთლიანობაში იმპორტის მიხედვით იყო: ნიდერლანდები (30.8 მლრდ ევრო), გერმანია (30.5 მლრდ ევრო), იტალია (27.2 მლრდ ევრო), პოლონეთი (15.1 მლრდ ევრო), საფრანგეთი (15.1 მლრდ ევრო), ბელგია (12.8 მლრდ ევრო) და უნგრეთი (10.9 მლრდ ევრო). 2022 წელს აშშ -ს იმპორტი რუსეთთან შეადგენდა 14 მილიარდ აშშ დოლარს.
ევროკავშირიდან რუსეთში ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენდა: ფარმაცევტული, საკვები პროდუქტების და ქიმიურ პროდუქტების გარდა, დანადგარები და მოწყობილობები, ელექტრონული მოწყობილობები, ავტომობილები, სატვირთო მანქანები, კომპიუტერები, ელექტრონული და ოპტიკური პროდუქცია.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირიდან რუსეთში ექსპორტის შემცირება უმეტესწილად არა სასურსათო პროდუქციის ან მედიკამენტების, არამედ სამანქანო და ელექტრო მოწყობილობების ექსპორტის შემცირების ხარჯზე მოხდა, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს სამხედრო მრეწველობაში.
2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორები მიუხედავად ექსპორტის შემცირებისა, კვლავ რჩებოდა: გერმანია (14.6 მლრდ ევრო), იტალია (5.8 მლრდ ევრო), პოლონეთი (4.8 მლრდ ევრო), ნიდერლანდები (4.4 მლრდ ევრო) და, ბელგია.
აშშ-ს ექსპორტი 2 მილიარდ აშშ დოლარი იყო, რითაც კვლავ სერიოზული კონტრიბუცია შეჰქონდათ რუსულ ეკონომიკაში და არანაკლები დასაქმებაში.
საინტერესოა, რომ აშშ-ის ექსპორტი წარმოდგენილი იყო – საავტომობილო მანქანებით, სამკურნალო და ფარმაცევტული პროდუქტებით და სპეციალიზებული მანქანებით და სატრანსპორტო აღჭურვილობის სახით, ხოლო იმპორტი რკინა და ფოლადის ნაწარმის, არაორგანული ქიმიკატების, ძვირფასი ლითონის ნაერთის, ალუმინის, იზოტოპების, თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების, სახით.
რუსეთის იმპერიის დანაშაულებები ქართული სახელმწიფოს წინაშე რევიზიას არ ექვემდებარება, მაგრამ დიდი ევროპული სიბრძნე ღაღადებს – ნუ იქნები რომის პაპზე მეტი კათოლიკე!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.