თორნიკე ჭეიშვილი: ფაქტობრივად, 4-წლიანი ეპოპეა დასრულდა – ექიმთა სათანადო რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა მსჯავრდებულ სააკაშვილის კვლავ დაბრუნება პენიტენციურ დაწესებულებაში
,,ფაქტობრივად, 4-წლიანი ეპოპეა დასრულდა გუშინდელი გადაწყვეტილებით, როდესაც შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევებისა და ექიმთა სათანადო რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა მსჯავრდებულ სააკაშვილის კვლავ დაბრუნება N12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში”, – ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით კამპანია საზოგადოებაში სიცრუესა და დეზინფორმაციაზე იყო დაფუძნებული.
„ისმის კითხვა, მთელი დეზინფორმაციული კამპანიის შემდეგ, როგორ მოხერხდა ის, რომ ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი არის ჯანმრთელი და შესაბამისად, მას შეუძლია, გააგრძელოს სასჯელის მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში? ე.ი. ეს თავიდან ბოლომდე იყო სიყალბეზე დაფუძნებული მთელი კასკადი ქმედებების, ღონისძიებების ზეწოლის ზოგადად, ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, იუსტიციის სამინისტროზე, პენიტენციურ სისტემაზე და რატომ? ერთადერთი მიზნით, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორმე დასხლტომოდა ხელიდან ქართულ მართლმსაჯულებას. ალბათ, ეს იყო ერთი დიდი სპეცოპერაციის შემადგენელი ნაწილი. სპეცოპერაციის, რომელიც დაიწყო და დაიგეგმა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი „საქართველოში შემოპარების“ სპეცოპერაცია ვიღაცას თავში აზრად მოუვიდა“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.