თურქეთის პროკურატურამ სტამბოლის მერისთვის 2 000 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა
თურქეთის პროკურატურა სტამბოლის მერისთვის, ეკრემ იმამოღლუსთვის, დაახლოებით 2 000 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.
Reuters-ისა და BBC-ს ინფორმაციით, ბრალდების დასკვნა 4 000 გვერდზე მეტს მოიცავს და ეხება სავარაუდო კორუფციულ სქემებსა და ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირს, რომლებშიც, პროკურატურის ვერსიით, იმამოღლუ ქალაქის მერის პოსტზე ყოფნისას მონაწილეობდა.
ბრალდებულთა სიაში სულ 400-ზე მეტი პირია. პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად სახელმწიფოს ბიუჯეტს დაახლოებით 160 მილიარდი თურქული ლირის (დაახლოებით 3,8 მილიარდი აშშ დოლარი) ზარალი მიადგა.
ეკრემ იმამოღლუ ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივებულია და მიზნად ოპოზიციის ლიდერების დისკრედიტაციას ისახავს.
სტამბოლის მერი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი ოპოზიციური ფიგურაა და ბევრის შეფასებით, მისი დაკავება მომავალ არჩევნებამდე ოპოზიციის დასუსტების მცდელობად აღიქმება.
საერთაშორისო ორგანიზაციები თურქეთის ხელისუფლებას სამართლიანი სასამართლო პროცესის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ საქმე შესაძლოა პოლიტიკური ანგარიშსწორების ელემენტებს შეიცავდეს.