ნათია თურნავა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში Invisso (ყოფილი Euromoney) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში Invisso (ყოფილი Euromoney) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Invisso-ს ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ ცენტრალური ბანკების მმართველები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ფინანსური ბაზრების წარმომადგენლები, ინვესტორები, რეგულატორები და პოლიტიკოსები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნებიდან.
ნათია თურნავამ პანელურ დისკუსიაში, რომლის სახელწოდებაა „ცენტრალური ბანკები გლობალური შოკების შემდეგ“, ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ზომებზე ინფლაციის მართვის და მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, ლარიზაციის ზრდა მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური მდგრადობისთვის. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა კოორდინირებულმა ზომებმა წარმატება მოუტანა ქვეყანას. შედეგად, თითქმის ორი წელია ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება.
ვენაში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ნათია თურნავას შეხვედრა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ ინვესტორებთან. შეხვედრა Raiffeisen Bank-ის ორგანიზებით იმართება და მას 25-ზე მეტი საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელი დაესწრება. მათ შორის, Morgan Stanley Investment Management Limited, Fidelity Investments, Allianz Invest, Artisan Partners, Swedbank Investiciju valdymas, UAB და ა.შ. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ინვესტორებს წარუდგენს პრეზენტაციას საქართველოში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური ვითარებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. შეხვედრაზე სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებაზე, დოლარიზაციის შემცირების წარმატებულ პოლიტიკაზე, რაც ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის და საფინანსო სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
შეხვედრებში ასევე მონაწილეობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.