თორნიკე ჭეიშვილი: ახალი რეზოლუცია იქნება კიდევ ერთი აბსურდი, რომელსაც არ უნდა მივანიჭოთ სერიოზული მნიშვნელობა, თავიდან ბოლომდე დეზინფორმაციულ ნარატივზეა დაფუძნებული
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა, „ღამის კურიერის“ ეთერში ევროპარლამენტის მხრიდან მოსალოდნელ ახალ რეზოლუციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს რეზოლუცია იქნება კიდევ ერთი აბსურდი, რომელსაც არავითარი სერიოზული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
მისი თქმით, ეს დოკუმენტი, კონკრეტული, პოლიტიკურად მოტივირებული პერსონების თუ ჯგუფების „შემოქმედებაა“.
„ახალი რეზოლუცია იქნება კიდევ ერთი აბსურდი, რომელსაც ჩვენ არ უნდა მივანიჭოთ არავითარი სერიოზული მნიშვნელობა. როგორც დანარჩენი რეზოლუციები, ეს უბრალოდ ნაგვის ურნაში გადასაგდები დოკუმენტი იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს თავიდან ბოლომდე დეზინფორმაციულ ნარატივზე დაფუძნებული რეზოლუცია. რასაკვირველია, ის არის იმგვარი „მიგნებები“, რომლებსაც რეალობასთან არანაირი საერთო არ აქვს. ეს არის კონკრეტული, პოლიტიკურად მოტივირებული პერსონების თუ ჯგუფების „შემოქმედება“, მათ შორის, იმ ადამიანებისა, რომლებიც ცნობილები არიან თავისი ანტიქართული განწყობებით. რასა იუკნევიჩიანეზე როდესაც არის საუბარი, ეს არის პირდაპირი განსახიერება იმისა, რასაც ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ ქართველთმოძულე და საქართველოს მოძულე ადამიანი თუ ევროპარლამენტის წევრი. რა თქმა უნდა, სხვებიც არიან ასეთები.
რაც შეეხება დაყოფას [საქართველოს საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების], ესეც არის ერთგვარი მზაკვრული ჩანაფიქრი მათი მხრიდან. მეორე მხრივ, უმარტივესად გაშიფვრადი სქემა. ისინი განგებ ცდილობენ, რომ გარკვეული ხაზი გაავლონ და ერთგვარ საპირისპირო მხარეებად წარმოაჩინონ საზოგადოება და ხელისუფლება. გაურბიან იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი და საქართველოში, დღეს არსებული ხელისუფლება არის ლეგიტიმაციის ლეგიტიმაცია მინიჭებული ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.