ნათია ჯანაშიას მხრიდან ბინზესდავაში საკუთარი შვილების გამოყენება ამორალურია – აფბა
“ორ ათეულ წელზე მეტია, ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის კვლევასა და მონიტორინგს, მათ შორის, ბიზნესთან დაკავშირებულ თემებსა და სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ ხანგრძლივი პრაქტიკის განმავლობაში არცერთ ბიზნესს და არცერთ პიროვნებას არასდროს უკადრებია, დავის მიმდინარეობაში ჩაერთო ოჯახი და მით უფრო მცირეწლოვანი შვილები.
“ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან” დაკავშირებით, საჯარო სივრცეში გაშლილ დისკუსიაში, ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის წყვილის მხრიდან საკუთარი შვილების შემოყვანა, ერთი სიტყვით რომ ითქვას, ამორალურია”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. შეგახსენებთ, აფბა აკადემიის ყოფილი დირექტორის და 30%-იანი წილის მფლობელის, ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მიერ ამავე აკადემიის 70%-იანი აქციონერის – „საქართველოს განათლების ჯგუფის”, წინააღმდეგ წარმოებული დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.
„მონიტორინგის მიმდინარე ეტაპზე, შემოგვხვდა გამაოგნებელი ფაქტი. კერძოდ, ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძესთან აფილირებულ რესურსებზე ბოლო კვირის განმავლობაში გაჩნდა მასალები, რომელშიც ამ ოჯახური წყვილის შვილებია დაფიქსირებული. აქცენტი კეთდება მათ ასაკსა და გამონათქვამებზე დავასთან დაკავშირებით.
თავდაპირველად, ჩავთვალეთ, რომ ეს მიუტევებელი შეცდომა ამ რესურსების რედაქტორმა დაუშვა, რომელსაც, სავარაუდოდ, მედიაში მუშაობის გამოცდილება და მედიასტანდარტებთან შეხება არ აქვს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნათია ჯანაშიამ კომენტარებშიც აღნიშნა ეს კონკრეტული ფაქტი, სამწუხაროდ, დავრწმუნდით, რომ არც გამოუცდელობასთან გვაქვს საქმე და არც შემთხვევითობასთან.
როგორც ჩანს, მსგავსი პრაქტიკა ჯანაშია-ცეცხლაძის წყვილთან მიმართებით, პირველი არ არის, რამდენადაც გვახსენდება, ასევე, საჯარო სივრცეში გავრცელებული ამბავი თვითმფრინავის ინციდენტის თაობაზე, რომელსაც უამრავი თვითმხილველი ჰყავს. კერძოდ ის, რომ ბორტზე, სადაც ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მცირეწლოვანი შვილებიც იმყოფებოდნენ, დავით ცეცხლაძის ატეხილი დებოშის გამო და „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წარმომადგენლებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო, ბორტგამცილებელმა მოუწოდა მას დამშვიდებისკენ და გააფრთხილა, რომ თუ არ შეწყვეტდა ძალადობრივ გამოხტომებს, თვითმფრინავს ავარიულ რეჟიმში დასვამდნენ.
ცნობილია, რომ ეს ამბავი იურიდიულ ფაქტადაც დადასტურებულია და ისიც ცნობილია, რომ ბრიტანეთის ავიახაზების შიდა მოკვლევის ჯგუფის მიერ წარმოებაშია ჩაშვებული და ინგლისის პოლიცია იძიებს ამ მძიმე ინციდენტს, რომელსაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოჰყოლოდა მგზავრებისთვის და, მათ შორის, ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის შვილებისთვის”, – ხაზგასმულია აფბას განცხადებაში
„აფბა მოუწოდებს ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძეს შეწყვიტონ ამ ფორმით ძალადობა ბავშვებზე, დაიცვან საკუთარი არასრულწლოვანი შვილების საუკეთესო ინტერესები და უფლებები, და სამართლებრივ დავაში მცირეწლოვანი ბავშვები არ გამოიყენონ და არ მოახდინონ მათი ექსპლოატაცია და ტირაჟირება. მით უმეტეს, მათი პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის, ასაკისა და სხვა იდენტიფიკატორების გამჟღავნებით,“ – ნათქვამია განცხადებაში.