თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ დაიწყოს ტალღმტეხის მშენებლობა.

„სამუშაოები გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ აშენდება 1380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი, შესაბამისი აუზი 16-18 მეტრამდე დაღრმავდება და გვექნება შესაძლებლობა, 2029 წლისთვის მივიღოთ პირველი გემი“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთავრობა გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ქვეყანა გაორმაგებულ ტვირთბრუნვას მომზადებული დახვდეს და რეგიონში სანდო პარტნიორის რეპუტაცია განიმტკიცოს. თამარ იოსელიანის შეფასებით, არსებულ გამოწვევებსა და ბაზრის მოთხოვნებზე რეაგირებისთვის შემუშავებულია მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმები.

„ჩვენი მიზანია, სრულად დავაკმაყოფილოთ შუა დერეფნის საჭიროებები და მეზობელ ქვეყნებთან სინერგიით ვუპასუხოთ გაზრდილ ტვირთბრუნვას. ამ პროცესში გადამწყვეტია სისწრაფე, ეფექტიანობა და გამტარუნარიანობის გაზრდა. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან გამტარუნარიანობის გასაზრდელად. ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი ეტაპი კი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურია, რომლის მშენებლობაც უკვე დავიწყეთ და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები