მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე: მნიშვნელოვანია, ეს ურთიერთობები დაეფუძნოს ორმხრივ პატივისცემას

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ უკრაინულ მხარესთან ბოლოდროინდელ გააქტიურებულ კომუნიკაციაზე ისაუბრა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უკრაინელ კოლეგასთან გამართულ სატელეფონო საუბარზე და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრა, სადაც განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხს.

„ნამდვილად გააქტიურდა უკრაინული მხარე საქართველოსთან კომუნიკაციაში.

დღეს შედგა სატელეფონო საუბარი ჩემს კოლეგასთან და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ურთიერთობას. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკრაინული მხარე საქართველოს და ქართულ საზოგადოებას სოციალური ქსელებით ესაუბრებოდა და არც თუ ისე სასიამოვნო გზავნილები გვესმოდა, რაც შეუძლებელია, რომ გადავდოთ გვერდით. მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივა მოდის უკრაინული მხარისგან, რაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოზიტიური ნაბიჯი. მეორეს მხრივ, ჩვენი მხრიდანაც მნიშვნელოვანია, რომ ამ წლების განმავლობაში ურთიერთობებში დაგროვილი საკითხები უკრაინული მხარისგან იყოს სწორად გაგებული, ისე, როგორც გავიგეთ ჩვენ – ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს ხელისუფლებამ, და გავაგრძელოთ ურთიერთობა. შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ მსჯელობას, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები დაბრუნდეს ნორმის ჩარჩოებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეეხო ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრას.

„უკრაინული მხარის ინიციატივით იყო შეხვედრა. ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შედგა გასაუბრება, შემდგომ უკვე მაღალ დონეზე იყო გასაუბრების შესაძლებლობა. სურვილი, რომ ურთიერთობებში გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები – ეს არის, პირველ რიგში, ის, რასაც ემსახურებოდა ეს კომუნიკაცია. დანარჩენს დრო გვაჩვენებს“, – აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა უკრაინასთან მიმართებით ქართული მხარის დამოკიდებულებაზე და ხაზი გაუსვა, რომ ეს მიდგომები უცვლელია.

„საქართველოს პოზიციებსა და მიდგომებში არაფერი შეცვლილა – მე ეს ჩემს კოლეგას ვუთხარი კიდეც და პრემიერ-მინისტრმაც ახსენა პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრისას. ჩვენ ძალიან ღია, მტკიცე და საკმაოდ თანმიმდევრული პოზიცია გვაქვს უკრაინასთან მიმართებით. ეს ჩანდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ჩვენს განცხადებებში. ჩვენ გაცხადებული გვქონდა, რომ გარკვეულწილად ცალმხრივი მეგობრობისა და მხარდაჭერის მდგომარეობაში ვრჩებოდით უკრაინასთან. თუმცა იყო პოზიცია, რომელიც ერთგვარად უგულებელყოფდა ყველაფერს, რასაც ამბობდა თბილისი და რაღაც აღქმებზე იყო დაფუძნებული. ალბათ უნდა ვიკითხოთ, რას ეფუძნებოდა ის პოზიციები, რაც გვესმოდა უკრაინული მხრიდან და ნამდვილად არასასიამოვნო მოსასმენი იყო ქართული საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მისასალმებელია უკრაინული მხარის სურვილი ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით, ამასთან, აუცილებელია ეს ურთიერთობები პატივისცემაზე იყოს დაფუძნებული.

„უკრაინული მხარის სურვილი და პოზიტიური მოლოდინი, რომელიც უკავშირდება ურთიერთობის ნორმალიზებას, მხოლოდ და მხოლოდ, მისასალმებელია. ამიტომაც შედგა ეს კომუნიკაცია და სატელეფონო საუბარი, რათა ვცადოთ, რომ პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების გავაგრძელოთ. არასდროს გვისურვია არცერთს მეგობარ სახელმწიფოსთან და ხალხთან სხვაგვარი ურთიერთობა. თუკი ასეთი სურვილი იქნება მეორე მხრიდანაც და შესაბამისი ნაბიჯებიც გადაიდგმება, მოხარული ვიქნებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები