უკრაინული მხარე ნამდვილად გააქტიურდა საქართველოსთან კომუნიკაციაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი Live” უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო ზარზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელ კოლეგასთან ერთად შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობა გაგრძელდება.
„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკრაინული მხარე საქართველოს და ქართულ საზოგადოებას სოციალური ქსელებით ესაუბრებოდა და თან არც თუ ისე სასიამოვნო გზავნილები გვესმოდა, რაც შეუძლებელია, რომ გვერდით გადავდოთ. მნიშვნელოვანია ერთი ის, რომ ინიციატივა მოდის უკრაინული მხრიდან, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ, ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოზიტიური ნაბიჯი და მეორე, ჩვენი მხრიდანაც მნიშვნელოვანია, რომ ამ წლების განმავლობაში გარკვეული საკითხები, რაც დაგროვდა ურთიერთობებში, იყოს უკრაინული მხრიდან სწორად გაგებული, ისე, როგორც გავიგეთ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ. საქართველოს ხელისუფლებამ და გავაგრძელოთ ურთიერთობა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა ორი ქვეყნის ურთიერთობები დაბრუნდეს ნორმის ჩარჩოში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს პოზიციებსა და მიდგომებში არაფერი შეცვლილა.
„ჩვენ მტკიცე პოზიცია გვაქვს უკრაინასთან მიმართებით. ეს არის საკმაოდ თანმიმდევრული პოზიცია. ეს ჩანდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. ეს ჩანდა ჩვენს განცხადებებში, თუმცა იყო პოზიცია, რომელიც უგულებელყოფდა ყველაფერს, რასაც ამბობდა თბილისი, ეს ალბათ არის საკითხი, რაც უნდა ვიკითხოთ, რას ეფუძნებოდა ის პოზიციები, რაც გვესმოდა უკრაინული მხარის მხრიდან“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილი ერევანში ქართულ და უკრაინულ მხარეებს შორის შემდგარ გასაუბრებასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის გასაუბრებას წინ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გასაუბრება უძღოდა.
“სურვილი, რომ ურთიერთობებში გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები, ეს არის პირველ რიგში ის, რაც გავიგეთ და რასაც ემსახურებოდა ეს კომუნიკაცია. დანარჩენი უნდა ვნახოთ, დრო გვაჩვენებს როგორ განვითარდება. ჩვენ გაცხადებულიც გვქონდა, რომ გარკვეულწილად ცალმხრივი მეგობრობის მდგომარეობაში ვრჩებოდით უკრაინასთან და ფაქტობრივად, ცალმხრივი მხარდაჭერის რეჟიმშიც. ჩვენ ეს არასდროს შეგვიწყვეტია და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ეს ურთიერთობები დაეფუძნოს ორმხრივად პატივისცემას და ასე გაგრძელდეს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილიც არის. ჩვენ არასდროს გვისურვია არცერთ მეგობარ სახელმწიფოსთან და ხალხთან სხვაგვარი ურთიერთობა და თუკი ასეთი სურვილი იქნება მეორე მხრიდანაც, შესაბამისი ნაბიჯებიც გადაიდგმება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მოხარული ვიქნებით”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.