საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს ხელისუფლების ჩანაცვლების მცდელობები წარუმატებელია,  ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა ვერ გახდა პოპულარული საქართველოში იმიტომ, რომ მათი დღის წესრიგი იყო წაგებული დღის წესრიგი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტში მიმდინარე პროცესები შეაფასა და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების დღის წესრიგთან დაკავშირებით ისაუბრა.

მინისტრის შეფასებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების შეცვლის მცდელობები კოორდინირებული და მიზანმიმართული იყო, თუმცა შედეგი ვერ გამოიღო.

„მიზანი იყო ერთი, ეს ხელისუფლება უნდა ჩანაცვლებულიყო, როგორც არ უნდა ყოფილიყო, რაიმე გზით უნდა მომხდარიყო ამ ხელისუფლების ჩანაცვლება. ეს ხელისუფლება ვერ ჩაანაცვლეს ვერც ბრიუსელში საარჩევნო კამპანიების წარმოებით, ვერც ვაშინგტონში, ვერც ვერსად. ვერც სხვა დედაქალაქებში. ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა ვერ გახდა პოპულარული საქართველოში იმიტომ, რომ მათი დღის წესრიგი იყო წაგებული დღის წესრიგი. დღეს რა ვქნათ, როგორ დაეხმაროს რასა და როგორ დაეხმაროს ეს ჯგუფი „ქართულ ოცნებას“ იმაში, რომ აღარ იყოს ხელისუფლებაში. ეს დღის წესრიგი ხომ აშკარად არის ისევ და ისევ მათთვის, რომ როგორმე მოახერხონ „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება იმიტომ, რომ ვიღაცისთვის ეს არ არის სასურველი ხელისუფლება საქართველოში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ძალების ქმედებები საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს ხელისუფლების შესუსტებისა და ხმის შეზღუდვისკენ არის მიმართული.

„საუკეთესო გზა მათთვის დღეს დარჩა ის, რომ ჩვენ საერთოდ გაგვაქრონ, დაგვასანქცირონ, პირზე ხელი აგვაფარონ, აღარ ვილაპარაკოთ, ტელევიზიაში არ ვიყოთ. საერთოდ შენი ხმა არ უნდა ისმოდეს. „ქართული ოცნების“ ხმა არ უნდა ისმოდეს. ამ ჯგუფის მიერ გადადგმული ნაბიჯები მთლიანად იყო აქეთკენ მიმართული. აბა რას ემსახურებოდა მაგალითად ევროკავშირის პარლამენტის შეხვედრებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის დემონსტრაციულად არ დაპატიჟება“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, მსგავსი მიდგომები ვერ შეცვლის საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსთან მიმართებით  გარკვეული ჯგუფების წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები