მზარდი ინფლაციისა და გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მართებული ნაბიჯია – ბაჩანა ჯინჭარაძე

“მზარდი ინფლაციის ფონზე, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მართებული ნაბიჯია”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე აცხადებს.

მისი თქმით, ცენტრალური ბანკები შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას გლობალური შოკების გამო, რაც გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარეობს, ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ.

“საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მზარდი ინფლაციისა და არსებული გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, მართებული ნაბიჯია. ეროვნული ბანკი პრევენციის რეჟიმშიც უნდა მუშაობდეს და დღევანდელი გადაწყვეტილება, 0.25 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე განაკვეთის გაზრდა, სწორედ პრევენციულად მუშაობის ერთ-ერთი გამოხატულებაა.

ზოგადად, რომ გადავხედოთ ცენტრალური ბანკების მიერ ბოლო პერიოდში გატარებულ მონეტარული პოლიტიკის პრაქტიკას, დავინახავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პრაქტიკიდან გამოსვლას ვერ რისკავენ, რადგან მსოფლიოში გეოპოლიტიკური მოვლენები სწრაფად იცვლება.

მაგალითად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში იგივე გადაწყვეტილება მიიღეს და ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 6.5%-ზე შეინარჩუნა. თურქეთმა, სადაც უკვე წლებია ორნიშნა განაკვეთია, უცვლელად 37%-ზე დატოვა. უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ინგლისმა, იაპონიამ და ა.შ.

ასე რომ, საქართველოში აპრილში დაფიქსირებული გაზრდილი, 5.9%-იანი ინფლაციის და ეგზოგენური ფაქტორების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის შემცირების მოლოდინი საქართველოში ნაკლებად თუ ვინმეს ექნებოდა”, – აღნიშნა აფბას ანალიტიკოსმა, ბაჩანა ჯინჭარაძემ.

შეგახსსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 6 მაისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.

წყარო: https://bfm.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები