რუსეთის საგარეო უწყებამ უცხო ქვეყნებს კიევიდან დიპლომატების ევაკუაციისკენ მოუწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს ნოტა გაუგზავნა, რომელშიც კიევიდან დიპლომატების ევაკუაციისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანზე, მარია ზახაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„2026 წლის 4 მაისს, თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა კიევის რეჟიმის მიერ სამამულო ომში გამარჯვების დღეს, მოსკოვზე დარტყმის მუქარასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თქვენი ქვეყნის ხელისუფლებას/თქვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ განცხადებას და უზრუნველყონ დიპლომატიური და სხვა მისიების პერსონალის, ასევე მოქალაქეების დროული ევაკუაცია კიევიდან, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიევის წინააღმდეგ, მათ შორის, გადაწყვეტილების მიმღები ცენტრების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმის გარდაუვალობის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არ მოქმედებს აგრესიის პოზიციიდან, არამედ გარდაუვალი პასუხის პოზიციიდან. მანვე დასძინა, რომ ევროკავშირი ვერ შეძლებს ზელენსკის საჯარო მუქარის ჩახშობას.

„ჩვენ კარგად ვიცით დასავლური უმცირესობის კოლექტიური დამოკიდებულება 9 მაისის მიმართ: ისინი სისტემატურად ანადგურებენ საბჭოთა მემორიალურ მემკვიდრეობას, ამოთხრიან საბჭოთა ჯარისკაცების ფერფლს, გადაწერენ და ამახინჯებენ ისტორიას. სწორედ ისინი არიან კიევის რეჟიმის დანაშაულებრივი გეგმების თანამონაწილეები უკრაინის შეიარაღებით“, – აღნიშნა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები