მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ყველა ინსტიტუტის მხრიდან სამართლიანი და რეალისტური მიდგომა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, ასევე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ ანგარიშზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ყველა ინსტიტუტის მხრიდან სამართლიანი და რეალისტური მიდგომა.
მინისტრის განცხადებით, ბოლო პერიოდში ევროკავშირის წევრი ქვეყნების რიტორიკაში გარკვეული ცვლილებები შეინიშნება, რაც ურთიერთობების უფრო რეალისტურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე მიუთითებს. თუმცა, მისივე თქმით, ეს პოზიტიური ტენდენცია წინააღმდეგობაში მოდის ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებულ ბოლო ანგარიშთან.
„შეცვლილ რიტორიკაზე საუბარი ცოტა ხნის წინ დაიწყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. ბუნებრივია, შეუძლებელია ეს ვერ შევამჩნიოთ, რომ არ არის ის ენთუზიაზმი საქართველოს კრიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვხედავდით ერთი-ორი წლის უკან და გარკვეულწილად იცვლება, უფრო რეალურ ჩარჩოებში ბრუნდება ურთიერთობები. მეორე მხრივ, ვხედავთ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ მორიგ ანგარიშს, რომელიც ისევ და ისევ არის სრულიად აბსურდული დოკუმენტი. როგორ გავიგოთ ახლა ასეთი გზავნილები ბრიუსელიდან. საქართველოს საზოგადოებამ კი კარგად იმეცადინა ამასობაში ევროკავშირის ინსტიტუტებში და ევროკავშირის სტრუქტურაში. ერთი მხრივ, ვისაუბროთ ურთიერთობებზე, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ევროპას, ევროკავშირს, ბრიუსელს. მეორე მხრივ, ვუყუროთ ასეთ დამოკიდებულებას ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტის მხრიდან, რომელზეც, შიგნით ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ეს არ არის ისეთი მნიშვნელოვანი. მეორეს მხრივ იგივე ევროპარლამენტის პრეზიდენტი შეგვახსენებს რომ ეს არის ხალხის არჩეული დემოკრატიული ინსტიტუტი და მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მდგრადი განვითარებისთვის გადამწყვეტია თანმიმდევრული, სამართლიანი და რეალისტური მიდგომა ყველა ინსტიტუციურ დონეზე, რაც დღეს, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თავად ევროპის ინტერესშიც შედის.
„ჩვენთვის ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირის ყველა ინსტიტუტის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით იყოს სამართლიანი და რეალისტური დამოკიდებულება. ეს ჩვენზე მეტად დღეს სჭირდება ევროპას, ევროკავშირს, იმისთვის, რომ რეპუტაციაც დაიცვას. ვინაიდან ასეთი რეზოლუციები, ასეთი დოკუმენტები პირველ რიგში მათ რეპუტაციაზე მეტყველებს ცუდად, თორემ ამ პატარა საზოგადოებაში ძალიან რთულია დამალო რამე და დაიჯერო ის, რაც წერია ევროპარლამენტის დოკუმენტში. წარმოუდგენელია მისი სერიოზულად აღქმა ჩვენი საზოგადოების მხრიდანაც. ასე რომ მნიშვნელოვანია თავის რეპუტაციას გაუფრთხილდნენ პირველ რიგში და სერიოზული საუბარი გვქონდეს, ვინაიდან ეს სჭირდება ევროპას დღეს. სჭირდება საქართველო, სჭირდება სამხრეთ კავკასია და ამას ვერავინ ვეღარ უარყოფს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ წინააღმდეგობრივ სიგნალებზე, რაც, მისი შეფასებით, ბრიუსელიდან მოდის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გარკვეული ოფიციალური პირები საქართველოს გვერდის ავლით ცდილობენ რეგიონული საკითხების განხილვას.
„მეორე მხრივ, ისევ და ისევ კონკრეტული პირები, რომლებიც დღეს იკავებენ წამყვან თანამდებობებს ბრიუსელში, მაქსიმალურად ცდილობენ ისაუბრონ ისე, რომ არ ახსენონ საქართველო. ჩაატარონ შეხვედრები ისე, მათ შორის დაკავშირებადობაზე, რომ არ ჰყავდეთ საქართველო და უნდათ, რომ ამავდროულად სერიოზულად გამოიყურებოდნენ. წარმოუდგენელია, ეს ორი ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელია – ისაუბრო დაკავშირებადობაზე და იქ არ გყავდეს საქართველო და არ ესაუბრო მას“, – აღნიშნა მინისტრმა.