გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს კრიტიკის მიზეზია ის, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა ის, რაც სამწუხაროდ სხვა ქვეყნების ხელისუფლებებმა, ვგულისხმობ „დიფ სთეითის“ დაკვეთებს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა „რუსთავის 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც საქართველო ხშირად ხდება ევროკავშირის მხრიდან კრიტიკის ობიექტი.
მისი შეფასებით, ამის მიზეზია ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „დიფ სთეითის“ დაკვეთები არ შეასრულა და არ მოიქცა როგორც ვასალი სახელმწიფო.
„ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველომ – სახელმწიფომ, ხელისუფლებამ არ შეასრულა ის, რაც, სამწუხაროდ, შეასრულა სხვა ქვეყნების ხელისუფლებებმა – ვგულისხმობ „დიფ სთეითის“ დაკვეთებს. აქ რომ არ არის ომი, კაცების ქორწინება და გეი აღლუმები დაკანონებული, ანუ შენ არ უსრულებ იმ ბრძანებებს, როგორც ვასალი და მეორადი სახელმწიფო, როგორც ეს სხვა სახელმწიფოებში გააკეთეს.
რასაც მე ახლა ვსაუბრობ და რაც „ხალხის ძალის“ წერილებში წერია უფრო ვრცლად, ეს ხომ დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტმა, ამას ხომ დღესაც ადასტურებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც იმყოფებოდა ევროპაში კონფერენციაზე და პირდაპირ უთხრა ევროპელებს, რომ თქვენი პრობლემა არა ჩინეთი და რუსეთია, არამედ თქვენივე ბიუროკრატია. ეს ხომ ჩემი სიტყვები არ არის – ეს იყო ვიცე-პრეზიდენტის სიტყვები.
თავად ტრამპის სიტყვებს მოგახსენებთ, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვწერდით და ვამბობდით, რომ ევრობიუროკრატია უკვე აღარ არის იმ ღირებულებების მქონე, რაც იყო ადრეული ევროპა, რომ ევროპა გონს უნდა მოეგოს.
საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანებები რა დღეშია, თავად NATO? ხედავთ, რომ აშშ აპირებს იქიდან საერთოდ გამოსვლას. არამხოლოდ კონფლიქტშია ევროკავშირთან და NATO-სთან, არამედ გამოსვლას აპირებს. როგორ გგონიათ, რატომ?
თავად აშშ-მა 600-მდე საერთაშორისო ხელშეკრულება დატოვა – არამხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ გავიდა, არამედ პირდაპირ თქვა, რომ ეს ხელშეკრულებები აზიანებს აშშ-ის ინტერესებსო. მათ შორის, ის ცნობილი ვენეციის კომისია, რომელიც ჩვენ გვაკრიტიკებდა – სამართლებრივი ინსტიტუტი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაიქცა – ისიც კი დატოვა აშშ-მა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.