ირაკლი ქარქაშაძე: წელს, სამივე საერთაშორისო აეროპორტში 8 მილიონ მგზავრზე მეტს ველოდებით
„წელს, სამივე საერთაშორისო აეროპორტში 8 მილიონ მგზავრზე მეტს ველოდებით“, – ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წელს ზრდა სამივე აეროპორტში იყო, თუმცა აღნიშნა, რომ თბილისის აეროპორტი იყო 2024 წლის მათი ძირითადი სამიზნე, რადგან ბევრი ახალი ევროპული მიმართულება დაემატა.
„რაც შეეხება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, 2024 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი არსებობის მანძილზე ყველაზე მეტ, 1,722,809 მგზავრსა და 5,078 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი კი 3%-ით და რეისების რაოდენობა 1%-ით გაიზარდა. (2023 წელი -1,671,306 მგზავრი, 5041-რეისი).
ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გასულ წელს, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელიც 951,760 მგზავრსა და 4,144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 53%-ით და რეისების რაოდენობა კი 33%-ით გაიზარდა. (2023 წელი – 621,506 მგზავრი, 3,110-რეისი).
წელს, 8 მილიონ მგზავრზე მეტს ველოდებით სამივე საერთაშორისო აეროპორტში. 2025 წლის მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი – British Airways შემოდის. ასევე, მარტიდან იწყებს ფრენებს ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი, რომელიც პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით შეასრულებს“, – აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.