დიმიტრი პესკოვი: აშშ-ს არასდროს არ შეუსრულებია სტაბილიზაციის როლი სამხრეთ კავკასიაში
ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები საკუთარი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოაქციოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, შეერთებულ შტატებს არასდროს არ შეუსრულებია სტაბილიზაციის როლი სამხრეთ კავკასიაში.
„შეერთებულ შტატებს არასდროს არ შეუსრულებია განსაკუთრებული სტაბილიზაციის როლი სამხრეთ კავკასიაში. პირიქითაც კი შეიძლება ითქვას. სწორედ ამ ქმედებების კონტექსტში, შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, ყველანაირად ცდილობს თავის კვალდაკვალ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გაიყოლოს“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ ერევანი და ვაშინგტონი დღეს ხელს აწერენ დოკუმენტს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით პესკოვმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყანასთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების განვითარება სომხეთის სუვერენული უფლებაა.
„ეს ჩვენი სომეხი მეგობრების აბსოლუტურად სუვერენული უფლებაა. სომხეთის სუვერენული უფლებაა განავითაროს ურთიერთობები ყველა მიმართულებით“, – განაცხადა პრესსპიკერმა.