მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე მე მაქვს ნათქვამი, რომ ყველაზე იმედისმომცემია, რაც შეეხება ე.წ. ეგზონის ამოგდებას და ელევიდისს – დღეს პრაქტიკულად მთელი ევროპა შეთანხმებულია, რომ ეს პრეპარატები არ არის ფართო გამოყენებისთვის დამტკიცებული და არცერთი სახელმწიფო მათ არ იყენებს, როგორც სტანდარტულ თერაპიას“
„კვლევის რეჟიმში ეს მედიკამენტები ევროპულ ზოგიერთ სახელმწიფოში არის ხელმისაწვდომი, მაგრამ სახელმწიფო რომ აფინანსებდეს, ეს ახლა იწყება რეალურად, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ახალ პრეპარატებთან დაკავშირებით.
მინისტრმა განმარტა, რომ კლინიკური კვლევების პროცესს, როგორც წესი, თავად ფარმაცევტული კომპანიები წარმართავენ და არა სახელმწიფოები. მისივე თქმით, სხვადასხვა მედიკამენტის შესახებ საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება მუდმივად ვითარდება, რაც ასევე ასახავს იმ პროცესს – რომელი სახელმწიფო რა ეტაპზეა დაფინანსების ან გამოყენების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„სულ არის რამდენიმე მედიკამენტი. ვამოროლონი – ეს არის კორტიკოსტეროიდი, ახლად გამოგონილი კორტიკოსტეროიდია და ამასთან დაკავშირებითაც არის გარკვეული დაკვირვების საჭიროება; ჯივინოსტატი – ამაზე მე მაქვს ნათქვამი, რომ ყველაზე იმედისმომცემია, რადგან FDA-საც აქვს შეფასებული, EMA-საც და ევროპული ქვეყნები გადაწყვეტილებამდე ახლოს არიან. რაც შეეხება ე.წ. ეგზონის ამოგდებას და ელევიდისს – დღეს პრაქტიკულად მთელი ევროპა შეთანხმებულია, რომ ეს პრეპარატები არ არის ფართო გამოყენებისთვის დამტკიცებული და არცერთი სახელმწიფო მათ არ იყენებს, როგორც სტანდარტულ თერაპიას“ – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, აუცილებელია პაციენტებსა და საზოგადოებას ინფორმაცია სწორად და პასუხისმგებლობით მიეწოდოს.
„არ შეიძლება ამ თემით სპეკულირება. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ვამბობთ, თითქოს რომელიმე ქვეყანაში უკვე ხელმისაწვდომია ან სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული – ეს უნდა იყოს ზუსტი ინფორმაცია, ამიტომ თხოვნა მაქვს და მოგიწოდებთ კიდეც, რომ ზედმიწევნით ფრთხილად ვიყოთ, ნუ ვცდილობთ ვინმეს ემოციებზე თამაშს – ამან შეიძლება მოკლევადიანად ვინმეს პოლიტიკური დივიდენდი მოუტანოს ან არ მოუტანოს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს არ არის თემა, სადაც შეიძლება პოლიტიკური დივიდენდების ძიება. ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა.
როდესაც ვამბობთ, რომ რომელიმე ქვეყანაში პრეპარატი ხელმისაწვდომია, ბუნებრივია, სრული პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, რომ ეს ნამდვილად ასეა და სახელმწიფო პროგრამებშია ჩართული. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ყველას მიმართ – მათ შორის, იმ გულშემატკივრობიდან გამომდინარე, რაც პაციენტების მიმართ მაქვს – არაფრის დიდებით არ შეიძლება ვინმეს შეცდომაში შეყვანა“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.