,,იურისტთა საერთაშორისო საზოგადოების” მოქმედი სამართალმცოდნე წევრები კულტურულ-შემეცნებითი და პროფესიული ვიზიტით ათენში იმყოფებოდნენ
“2026 წლის 26–29 აპრილს ,,იურისტთა საერთაშორისო საზოგადოების” მოქმედი სამართალმცოდნე წევრები კულტურულ-შემეცნებითი და პროფესიული ვიზიტით იმყოფებოდნენ საბერძნეთის დედაქალაქ ათენში”,- ამის შესახებ ინფორმაციას “იურისტთა საერთაშორისო საზოგადოება” ავრცელებს.
“ათენი, როგორც სამართლისა და დემოკრატიის ისტორიული აკვანი, საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენს სამართლიანობის, სახელმწიფოებრიობისა და სამართლებრივი აზროვნების განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თანამედროვე სამართლებრივი სისტემების ჩამოყალიბებაზე.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები ბერძენ და საბერძნეთში მოღვაწე სამართალმცოდნეებთან ქართველ ადვოკატებთან, სადაც განხილულ იქნა პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ქალბატონი ნანა აბულაძის საადვოკატო ბიუროში, სადაც გაიმართა საქმიანი დისკუსიები საბერძნეთში მცხოვრები ქართველების სამართლებრივ საჭიროებებზე, აგრეთვე — საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ადვოკატების პროფესიულ გამოცდილებასა და პრაქტიკულ გამოწვევებზე.
იურისტთა საერთაშორისო საზოგადოების გუნდი ვიზიტის ფარგლებში ასევე, შეხვდა საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, რომელთაც გააცნო ორგანიზაციის უფასო ცხელი ხაზის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უფასო იურიდიულ კონსულტაციებს , როგორც საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის, ასევე მათი ოჯახებისთვის საქართველოში.
შეხვედრისას იურისტთა საერთაშორისო საზოგადოების გუნდმა მოისმინა მათი საჭიროება და კიდევ ერთხელ დაადასტურა ორგანიზაციის მზაობა, იყოს სანდო სამართლებრივი მხარდამჭერი საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც საქართველოში ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ვიზიტის ფარგლებში იურისტთა საერთაშორისო საზოგადოებამ დააჯილდოვა საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ადვოკატები — ქალბატონი ნანა აბულაძე და ბატონი დავით დიმიტრიადი — პროფესიული საქმიანობის, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისა და საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, როგორც ორგანიზაციის საპატიო წევრები.
აღნიშნული ვიზიტი გამოირჩეოდა მაღალი ორგანიზებულობით, პროფესიული ერთობითა და ნაყოფიერი დისკუსიებით, რაც ქმნის მყარ საფუძველს სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.