სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ტრაილერში დამალვის გზით, ასევე, ქვეითად უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში შემოვიდნენ.
“საიმიგრაციო პროცედურების გატარების შემდეგ, სამი ბრალდებული გაძევებულია ქვეყნიდან, ხოლო მეოთხეს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.