გიორგი ქაჯაია: მდიდარი „ენჯეოები“ თუ რადიკალური ძალები, ყველა ის მავანი, ვინც მეუფე შიოს აკრიტიკებს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა
ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქის გამორჩევის საკითხზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
მისივე თქმით, კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მეუფე შიო მისი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე სიცოცხლეშივე გამოარჩია და მიანიჭა მას მოსაყდრის ტიტული და ამით დიდი პასუხისმგებლობა.
„მეუფე შიოს ბუნებიდან და ღვთის სიყვარულიდან გამომდინარე – ის მდიდარი „ენჯეოები“ თუ რადიკალური ძალები, ყველა ის მავანი, ვინც მეუფე შიოს აკრიტიკებს, ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. მას ქრისტიანობასთან არაფერი საერთო არ აქვს, ხოლო ქრისტიანობა ვისაც ესმის, რაღაც საბაზისო დონეზე მაინც და ვინც პატივს სცემს ჩვენს რელიგიას, მან იცის, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აქვს მეუფე შიოს და ვუსურვებდი, ღმერთისგან ყოფილიყოს დალოცვილი.
ერთ რამეს დავამატებ, ყველა ის ადამიანი, ვინც აკრიტიკებს და დისკრედიტაციას ეწევა, უმჯობესია, უფალმა ნახოს ლოცვაში და არა განკითხვაში“, – განაცხადა ქაჯაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე პატრიარქს 11 მაისს, მე-14 საეკლესიო კრებაზე აირჩევენ.