მიხეილ სარჯველაძე – დიუშენის მედიკამენტებზე – „შვედეთი, რომელსაც უზარმაზარი კვლევითი შესაძლებლობები აქვს, აცხადებს, რომ აკვირდება მედიკამენტებს, საფრანგეთმა კი ჯივინოსტატზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ, ამ საკითხს სჭირდება ზედმიწევნით ზუსტი და მხოლოდ პროფესიულ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები“

„ყველა რეალურად ანგარიშგასაწევი ექსპერტი ამ სფეროში, ვისაც მართლა შეიძლება დავეყრდნოთ, საუბრობს იმაზე, რომ ამ შემთხვევაში მტკიცებულებების მოძიება მიმდინარეობს, მოწმდება სხვადასხვა წყარო და კეთდება შესაბამისი დასკვნები. ისინი კი, ვინც დღეს ფაქტებს აყალბებს და ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ამ მედიკამენტს კონკრეტულად დღეს, ამ დრომდე, ბრიტანეთზე ადრე არ ყიდულობს, აბსოლუტურად მოკლებულნი არიან რეალურ მსჯელობას. ეს არის პოლიტიკურად ან კომერციულად მიკერძოებული, სრულიად არაჯანსაღი დამოკიდებულება საკითხის მიმართ“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტებზე საუბრისას.

მინისტრის თქმით, საკითხზე საჯარო განცხადებების გაკეთებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროფესიულ ეთიკასა და პასუხისმგებლობას, რადგან არაზუსტმა ან არასწორად ინტერპრეტირებულმა ინფორმაციამ შესაძლოა საზოგადოება და განსაკუთრებით პაციენტები შეცდომაში შეიყვანოს.
„ეთიკური და მორალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება პრობლემურია. ზოგიერთი პოლიტიკურად მიკერძოებული ექიმის შემთხვევაში, ეს პოლიტიკური მიკერძოება უკვე პროფესიულ ღირსებასაც ჩრდილავს.
ორი კვირის წინ, როდესაც ბრიტანეთის მაგალითზე ვსაუბრობდი და ვამბობდი, რომ ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ იყო, გულწრფელად – ემპათიის, სოლიდარობის და სხვა მრავალი მიზეზის გამო – ველოდი გადაწყვეტილების მიღებას. ამ ფონზე კი გარკვეული ჯგუფები ბრალდებებს აყალიბებდნენ მაშინ, როდესაც ბრიტანეთს გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა, ხოლო სხვა ქვეყნებს, მათ შორის, შვედეთსა და დანიას, დღემდე არ აქვთ მიღებული გადაწყვეტილება ჯივინოსტატთან დაკავშირებით. განა ისინი არ არიან ევროპული სახელმწიფოები?“ – განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი სპეციალისტებისგან მედიკამენტებთან დაკავშირებით ინფორმაციას აგროვებენ.
„შვედეთი, რომელსაც უზარმაზარი კვლევითი შესაძლებლობები აქვს, აცხადებს, რომ აკვირდება – რამდენად უკეთეს შედეგს იძლევა ვამოროლონი იმ კორტიკოსტეროიდთან შედარებით, რომელსაც თავადაც იყენებს. იგივე პრეპარატი გამოიყენება საქართველოშიც. ისინი არ ჩქარობენ და ფიქრობენ, ღირს თუ არა დეფლაზაკორტის ვამოროლონით ჩანაცვლება. ანალოგიური მიდგომაა ჯივინოსტატთან დაკავშირებითაც.
საფრანგეთმა კი ამ პრეპარატზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საუბარია მძიმე გვერდით მოვლენებზე. ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება ზედმიწევნით ზუსტი, აკურატული და მხოლოდ პროფესიულ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები