ლევან მაჭავარიანი: კიდევ ერთ დელეგაციას ველოდებით მაისის თვეში და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-თან რეალური სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს
“როგორც კი მიდგომები შეიცვლება უშუალოდ ბრიუსელში, თავისთავად, ზუსტად ანალოგიურ ხასიათზე მოუწევთ დადგომა ბატონ ფიშერსაც და ბატონ ჰერჩინსკისაც,” – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ბრიუსელთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
„ძალიან პოზიტიური სიგნალებია. ეს პოზიტიური სიგნალები უკვე კონკრეტულად მუშა რეჟიმში გადავიდა. ჩვენ კიდევ ერთ დელეგაციას ველოდებით მაისის თვეში და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს.
როდესაც წინა ადმინისტრაცია გვექცეოდა ზუსტად ანალოგიურად უსამართლოდ, როგორც დღევანდელი ევრობიუროკრატია, მაშინ კარგად გახსოვთ, მათი წარმომადგენლები საქართველოში, საელჩო ზუსტად ანალოგიურად იქცეოდა, როგორც იქცევა ბატონი ფიშერი, როგორც იქცევა ბატონი ჰერჩინსკი. თუმცა, შეიცვალა ადმინისტრაცია და აბსოლუტურად არანაირი ნეგატივი საელჩოსგან ჩვენ არ გვიგრძნია; არანაირი ქარდები არ დაუდიათ; არანაირი განცხადებები არ გაუკეთებიათ კრიტიკულ ჭრილში.
როგორც კი მიდგომები შეიცვლება უშუალოდ ბრიუსელში, თავისთავად, ზუსტად ანალოგიურ ხასიათზე მოუწევთ დადგომა ბატონ ფიშერსაც და ბატონ ჰერჩინსკისაც“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.