ინდოეთი აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსული ტანკერების პორტებში მიღებას შეაჩერებს
ინდოეთი აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსული ტანკერების პორტებში მიღებასა და მომსახურებას შეაჩერებს, – ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
მედიას ინდოეთის მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ სანქცირებულ გემებს ინდოეთის პორტებში ნავთობის ჩამოტვირთვა აეკრძალებათ. შეზღუდვა არ შეეხება 10 იანვრამდე პორტში შესულ გემებს, იმ პირობით, რომ გემები 12 მარტამდე დაიცლებიან.
6 იანვარს დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსული ნავთობის გადამზიდი ტანკერების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას გეგმავს.
8 იანვარს, ჩინეთში, შანდუნის პროვინციის უმსხვილესმა საპორტო კომპანიამ, Shandong Port Group-მა, აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსული ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების მიღება შეაჩერა.
კომპანიის გადაწყვეტილებით, 6 იანვრიდან, სანქცირებულ ტანკერებს შანდუნის პორტებში გაჩერება, ტვირთის დაცლა და სხვა საპორტო მომსახურებების მიღება ეკრძალებათ.
ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი 669 ტანკერისგან შედგება. გემებს სანქციების გვერდის ავლით რუსეთის, ირანისა და ვენესუელის ნავთობი გადააქვთ.
აშშ-ის სანქციების სიაში მოხვედრის შემდეგ, სამი ტანკერი, რომლებსაც 2 მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობი გადააქვს, ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარე წყლებში ტივტივებს.