„ჰამასი“ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების საბოლოო პროექტს დათანხმდა, – ამ ინფორმაციას ისრაელის მედიასთან მოლაპარაკებებში მონაწილე პირები ადასტურებენ.
ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი და ულტრამემარჯვენეთა პარტია “ოცმა იეჰუდითის” ლიდერი ითამარ ბენ გვირი ამბობს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმების შემთხვევაში, მისი პარტია სამთავრობო კოალიციას დატოვებს. შეთანხმებას ასევე ეწინააღმდეგება ფინანსთა მინისტრი, ბეცალელ სმოტრიჩი.
გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკების დეტალები ახლა საბოლოო ეტაპზეა. სამეტაპიანი შეთანხმება დაიწყება ისრაელის მიერ დაპატიმრებული ასობით პალესტინელი ქალისა და ბავშვის სანაცვლოდ ექვსი კვირის განმავლობაში 33 მძევლის ეტაპობრივი გათავისუფლებით, მათ შორის ქალების, ბავშვების, ხანდაზმულებისა და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების. მძევლებს შორის იქნება ხუთი ისრაელელი ჯარისკაცი ქალი, თითოეული მათგანი გათავისუფლდება 50 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ. ამ პირველ, 42-დღიან ფაზაში ისრაელის ძალები გარკვეული დასახლებული ადგილებიდან გავლენ.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ღაზის სექტორში ზავი და მძევლების გათავისუფლების შეთანხმება ფინალურ ეტაპზეა და დაბრკოლებების უმეტესობა გადალახულია.
.