ლადო პაპავა: სებ-ის ფრთხილმა პოლიტიკამ აჩვენა, რომ თურმე შესაძლებელია რეზერვების ხარჯვის შემდეგ რეზერვების ზრდაც
“საინტერესო არის ის, რომ რეზერვები არ არის თვითმიზანი, მიზანი არის ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ხოლო რეზერვები არის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევის ერთ-ერთი მექანიზმი – მას სჭირდება ყოველთვის რაციონალურად გამოყენება“, – ამის შესახებ აკადემიკოსმა ლადო პაპავამ სებ-ის მიერ რეზერვების შევსების შეფასების თაობაზე განაცხადა.
“ის, რომ შემოდგომის პერიოდში გარკვეულ რეზერვები დაიხარჯა იმისთვის, რომ ლარს შეენარჩუნებინა სტაბილურობა ამან შექმნა იმის მოლოდინი რომ ხომ არ იყო ეს განგრძობადი პროცესი, ხომ არ ექმნებოდა საფრთხე გარკვეულწილად ეროვნულ ვალუტას, მაგრამ სწორედ ფრთხილმა პოლიტიკამ რომელსაც ატარებდა ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი აჩვენა, რომ თურმე შესაძლებელია რეზერვების ხარჯვის შემდეგ ყოფილიყო რეზერვების გარკვეულწილად ზრდაც და მან უკვე შეადგინა დეკემბრისთვის 4.45 მილიარდი დოლარი, საიდანაც $324 მილიონი არის დეკემბრის ზრდა“, – განაცხადა პაპავამ.
მისი შეფასებით, მომავალი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება სტაბილურობაზე, თუმცა აქვე განმარტა, რომ სებ-ს შესწევს უნარი, როგორც მაკროეკონომიკური, ასევე რეზერვების დონის სტაბილურობის შენარჩუნების.
“მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სტაბილური იქნება გარემო, როგორც ჩვენს ქვეყანაში ასევე, ჩვენს ქვეყნის გარშემო და ზოგადად მსოფლიოში. იმიტომ, რომ თუ არ იქნება ფუნდამენტური რყევები, ფუნდამენტური ფაქტორები ეკონომიკაში, საქართველოს ეროვნულ ბანკს შესწევს იმის უნარი, რომ შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა და რეზერვებსაც ჰქონდეს შესაბამისი დონე მიღწეული“, – განმარტა ლადო პაპავამ.
მისივე განცხადებით, რეზერვების დივერსიფიკაცია მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ამ ნაწილში ის პოზიტიურად აფასებს.
“დღეს რეზერვების დივერსიფიკაცია არის ტრენდული, ეს არის როგორც აშშ-ისთვის, ასევე ნებისმიერი ქვეყნისთვის იმის მიუხედავად თუ რამდენად არის ის ეკონომიკურად განვითარებული, ამიტომ რეზერვების დივერსიფიკაცია და განსაკუთრებით რეზერვებში ოქროს მოზიდვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა, რომ რისკები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. სებ-ის გადაწყვეტილება რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით აბსოლუტურად სწორი იყო – რადგან ამას აკეთებს ყველა მთელს მსოფლიოში. სხვა თანაბარ პირობებში თუ ქვეყანაში შენარჩუნდება სტაბილური მდგომარეობა, არ იქნება გარე შოკები ძლიერი, მაღალი ზრდის პირობებში შესაძლებელი გახდება რეზერვების ოდენობის გაზრდა“, – აღნიშნა ლადო პაპავამ.