ჟვანიას სკოლაში წარმატებით დანერგილი სწავლების 4 მეთოდი
განათლების თანამედროვე სისტემა მუდმივად იცვლება და ვითარდება, რათა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მსმენელების ინდივიდუალური საჭიროებები და გაზარდოს მათი წარმატების შანსები. ამ კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთი მეთოდოლოგიების განვითარებას, რომლებიც სწავლების პროცესს ინტერაქციულს, პრაქტიკულსა და შედეგზე ორიენტირებულს ხდის.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, როგორც ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, წარმატებით იყენებს სწავლების ინოვაციურ მიდგომებს. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 4 ძირითად მეთოდიკას, რომლებიც სკოლამ დანერგა და რომლებიც ცოდნის მიღების პროცესს არა მხოლოდ ეფექტურობას სძენს, არამედ საინტერესო გამოცდილებად აქცევს.
1. ექსპერიმენტული მეთოდი (გასვლითი გაკვეთილები) ან/და სწავლება „ჩაძირვის მეთოდით”
სწავლის პროცესი მიმდინარეობს საკლასო სივრცის მიღმა რეალურ გარემოში (მაგალითად, ქარხანა, აფთიაქი, ბიბლიოთეკა, მუზეუმები, ისტორიული ძეგლები და ა.შ.), სადაც ბენეფიციარები უშუალოდ ეცნობიან სასწავლო თემებს, იუმჯობესებენ ლექსიკურ უნარ-ჩვევებს, იმრავალფეროვნებენ ზოგად განათლებას და რიგ შემთხვევაში იღებენ უფასო კარიერულ კონსულტაციას (ეცნობიან კონკრეტულ პროფესიულ რუტინასა და მის შესასრულებლად საჭირო უნარ-ჩვევებს). მსმენელები სწავლობენ დაკვირვებით, კითხვების დასმით და უშუალო მონაწილეობით.
ჩვეულებრივ, აღნიშნული მეთოდის გამოყენებისას ტრენერი უნდა იყოს კარგად მომზადებული, რათა დასახული მიზნების შესაბამისად დაგეგმოს აქტივობები. ასევე, მას უნდა ჰქონდეს არასაკლასო გარემოში აუდიტორიის მართვის უნარი. გარდა ამისა, ბენეფიციარებს უნდა დაეხმაროს რეალურ გარემოში მიღებული გამოცდილების გააზრებაში. ჟვანიას სკოლის ტრენერები ბრწყინვალედ ართმევენ თავს ექსპერიმენტული მეთოდით სწავლებას, რასაც მოწმობს ბენეფიციართა დადებითი გამოხმაურება და მათი მხრიდან მაღალი მოთხოვნა – ჩაერთონ „გასვლით გაკვეთილებში”.
ექსპერიმენტული მეთოდის ფარგლებში, ტრენერები მიმართავენ „ნამდვილი სამყაროს მოდელირებას”, შედეგად ბენეფიციარები ახერხებენ პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრას და იძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას. სიტუაციურად მსმენელებს ეძლევათ რეალური ამოცანები („გაესაუბრე ფარმაცევტს წამლის შესაძენად; მოემსახურე მედიკამენტის შესაძენად შემოსულ მომხმარებელს; შეიძინე ბილეთი სასურველ სპექტაკლზე; შეავსე ფორმა იუსტიციის სახლში შერჩეული მომსახურების მისაღებად და ა.შ.“). მათთვის თავის გართმევის შემდეგ, იუმჯობესებენ ენობრივ კომპეტენციასა და კომუნიკაციის უნარებს.
მაგალითად, გასვლითი გაკვეთილების ფარგლებში (რომელიც, უპირველესად, მიზნად ისახავს პრაქტიკული ლინგვისტური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებას), ბოლნისისა და დმანისის რეგიონული სასწავლო ცენტრების სამმა ჯგუფმა მოინახულა „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიაში.“ ვიზიტისას ბენეფიციარებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის ინფრასტრუქტურა, სკოლის კამპუსი და ფერმა. ამასთანავე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ადგილობრივი წარმოების შვეიცარიული ყველი. მსმენელებმა დეტალურად გაიცნეს სკოლის სასწავლო პროგრამები და მიიღეს ინფორმაცია რეგისტრაციის პროცედურის შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: პროფესიული განათლების როლი, პროფესიული შესაძლებლობები საქართველოში, მეცხოველეობა და ფერმერობის სპეციფიკა.
დმანისის რეგიონული სასწავლო ცენტრის “ქართული ენის A2.1 ჯგუფის” მსმენელები არქეოლოგიურ მუზეუმსა და დმანისის ნაქალაქარში იმყოფებოდნენ. მათ უმასპინძლა თავად დმანისის მუზეუმის დირექტორმა და არქეოლოგმა, ჯუმბერ კოპალიანმა. შეხვედრის ფარგლებში, ბატონმა ჯუმბერმა ისაუბრა დმანისში აღმოჩენილ, მსოფლიო მნიშვნელობის არტეფაქტებზე. მოგვიანებით მსმენელებმა ნაქალაქარი დაათვალიერეს, სადაც გაეცნენ არქეოლოგიური გათხრების სივრცესა და იქვე წარმოდგენილ ექსპონატებს. გაკვეთილის შემაჯამებელი ნაწილი დაეთმო ვიდეორგოლს, რომელიც ასახავდა დმანისის გათხრების ისტორიულ ქრონოლოგიას.
ექსპერიმენტული მეთოდი წარმატებით გამოიყენება სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კურსებზე.
2. ინტერაქციული და კოოპერატიული სწავლება (სწავლა ჯგუფური მუშაობის საფუძველზე)
ა) კოოპერატიული სწავლება (Cooperative Learning)
კოოპერატიული მუშაობისას ჟვანიას სკოლის ტრენერები მსმენელებს მცირე ჯგუფებად ყოფენ, აძლევენ კონკრეტულ დავალებას და დროით ჩარჩოს, რათა საერთო მიზანს ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ. თითოეული ჯგუფის წევრს საკუთარი წვლილი შეაქვს საბოლოო შედეგის მისაღებად. ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პირობებში, რადგან ის ხელს უწყობს:
• გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას,
• კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესებას;
• პრობლემების გადაჭრის უნარის გაძლიერებას (განსაკუთრებით, ინკლუზიურ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ გარემოში).
ჟვანიას სკოლაში კოოპერატიული სწავლება არა მხოლოდ სასწავლო მიზნების მიღწევას ემსახურება, არამედ აქტიურად უწყობს ხელს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას საქართველოს მრავალფეროვან საზოგადოებაში.
ბ) ქეისებზე დაფუძნებული სწავლება (Case-Based Learning):
ქეისებზე დაფუძნებული სწავლება ინოვაციური მეთოდია, რომელიც ეფუძნება რეალური ან სიმულირებული შემთხვევების ანალიზს, დისკუსიის, დებატებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას. ეს მეთოდი მსმენელებს სთავაზობს შესაძლებლობას, თეორიულ ცოდნა პრაქტიკულ განზომილებაში გადაიტანონ და სხვადასხვა პროფესიულ სიტუაციაში დანიშნულებისამებრ გამოიყენონ. ამასთანავე, მსმენელები აიდენტიფიცირებენ პრობლემებს და განიხილავენ სხვადასხვა პერსპექტივას, რაც ხელს უწყობს კრეატიულ აზროვნებას და ახალი იდეების გენერირებას.
ქეისებზე დაფუძნებული სწავლების ეფექტურობა დიდწილად დამოკიდებულია ტრენერის პროფესიონალიზმსა და უნარებზე. ტრენერს უნდა ჰქონდეს დისკუსიების წარმართვის გამოცდილება, რათა უზრუნველყოს სწავლის პროცესის აქტიურობა და მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობა. მან უნდა შეძლოს მსმენელების სწორი მიმართულებით წაყვანა, კრიტიკული კითხვების დასმა და მათი აზროვნების პროცესის სტიმულირება.
ქეისებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი წარმატებით გამოიყენება როგორც საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამაზე, ასევე სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამაზე.
3. პროექტზე დაფუძნებული სწავლება (Project-Based Learning)
პროექტზე დაფუძნებული სწავლება კიდევ ერთი პრაქტიკული მეთოდია, რომელიც მსმენელებს კვლევით და ანალიტიკურ უნარებს უყალიბებს რეალურ პროექტზე მუშაობის მეშვეობით. სწავლების პროცესი ორიენტირებულია პრაქტიკულ შედეგზე — იქნება ეს პროდუქტის, პრეზენტაციის თუ კონკრეტული პროექტის შექმნა. PBL ხელს უწყობს მსმენელების ჩართულობას და მათი ცოდნის ინტეგრაციას რეალურ ცხოვრებაში.
მეთოდი მოიცავს:
• თემის შერჩევას: მსმენელები, ტრენერთან ერთად, ირჩევენ პროექტის თემას, რომელიც საინტერესოა პირადად მათთვის და ამასთანავე, სასწავლო მიზნებს შეესაბამება.
• გეგმის შექმნას: პროექტის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მკაფიო გეგმის შემუშავება, რომელიც მოიცავს ამოცანების თანმიმდევრობას და ვადებს.
• კვლევასა და რესურსების მოძიებას: პროცესში მონაწილეები იკვლევენ საკითხს, აგროვებენ მონაცემებს, სწავლობენ რესურსებს და მიმართავენ კრეატიულ მიდგომებს.
• პროექტის წარდგენას: საბოლოო ეტაპზე მონაწილეები საკუთარ ნაშრომს აცნობენ თანაჯგუფელებს.
იმისთვის, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება აღმოჩნდეს მაქსიმალურად ეფექტიანი, ჟვანიას სკოლის ტრენერები მკაფიო ინსტრუქციებს გასცემენ და მენტორობას უწევენ მსმენელებს ყველა ეტაპზე. ჩვეულებრივ, წარმატებული PBL მოითხოვს, რომ პედაგოგმა მოსწავლეს დამოუკიდებელი აზროვნებისა და მოქმედების თავისუფლება მისცეს, ამავე დროს კი, პარალელურ რეჟიმში, წაახალისოს მისი ინიციატივები და კრეატიულობა; სწორედ ამიტომ ჟვანიას სკოლის ტრენერები სწავლების თავისუფალ მეთოდს იყენებენ და მსმენელებს თვითშემეცნებისა და დამოუკიდებელი მუშაობისთვის სივრცეს უტოვებენ. ეს დინამიკური სწავლების მეთოდი, საბოლოო ჯამში, მსმენელს საჭირო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილს ხდის.
პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი წარმატებით გამოიყენება, როგორც საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამაზე, ასევე სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამაზე.
4. შეცდომებზე დაფუძნებული სწავლება (Mistake-Based Learning)
შეცდომებზე დაფუძნებული სწავლება (Mistake-Based Learning, MBL) არის ინოვაციური მიდგომა, რომელიც სწავლების პროცესში დაშვებული შეცდომების ანალიზსა და გამოსწორებას ეფუძნება. ეს მეთოდი ეხმარება მონაწილეებს არა მხოლოდ შინაგანი წინააღმდეგობების დაძლევაში (რომელიც, ჩვეულებრივ, თან ახლავს სწავლასა და მისგან გამოწვეულ დისკომფორტს), არამედ კრიტიკული აზროვნების განვითარებაში. შეცდომების, როგორც ბუნებრივი პროცესის, აღქმა ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას და თვითგანვითარებას. იგი ითვალისწინებს აქტიურ და ინტერაქციულ მიდგომას, რომელიც რომელიც მარცხს მოიაზრებს არა წარუმატებლობად, არამედ სწავლისა და გაუმჯობესების შესაძლებლობად.
ტრენერს უნდა შეეძლოს შეცდომების პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენა, რათა შექმნას გარემო, სადაც მონაწილეები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და არ შეეშინდებათ შეცდომების დაშვების. გაკვეთილის ფარგლებში, ჟვანიას სკოლის ტრენერები და მსმენელები ერთად განიხილავენ დაშვებულ შეცდომებს და მათ გამომწვევ მიზეზებს. ეს პროცესი აუდიტორიას ეხმარება, გაიგოს, რამ განაპირობა კონკრეტული ხარვეზი ან უზუსტობა და მომავალში როგორ შეიძლება მისი თავიდან არიდება.
შეცდომებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი წარმატებით გამოიყენება, როგორც საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამაზე, ასევე სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამაზე.