თორნიკე ჭეიშვილი: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთგვარი ტრანზიციის ეტაპი, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მიღების შემდეგ, ანუ 2017 წლიდან, პრეზიდენტის დღევანდელი არჩევნებით დასრულებულია

”ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთგვარი ტრანზიციის ეტაპი, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მიღების შემდეგ, ანუ 2017 წლიდან, პრეზიდენტის დღევანდელი არჩევნებით დასრულებულია. საქართველოს კონსტიტუცია სრულად ამოქმედდა და იგი ეფუძნება საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილი „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მან ისაუბრა იმ პიროვნულ თვისებებზე, რის გამოც პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა შეირჩა.

„ბატონ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის მომენტში, მოტივაცია იყო მისი პიროვნული თვისებები, დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი, პატრიოტული სულისკვეთება, რომლითაც ის ყოველთვის გამოირჩეოდა და მის მიერ განვლილი გზა. მან ღირსეულად, საკუთარი სამშობლოს სახელი ატარა პირველყოვლისა, როგორც სპორტსმენმა. შემდგომ მას ასევე ჰქონდა წარმატებული პოლიტიკური კარიერა. მოგეხსენებათ, ის გახლავთ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი და ამ თვალსაზრისითაც მისი საქმიანობა, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ყოველთვის იყო საინტერესო“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს. ის საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით აირჩია. 225 ბიულეტენიდან ერთი ბიულეტენი გაბათილდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები