რამზან კადიროვის განცხადებით, უკრაინამ გროზნოში დრონით თავდასხმა განახორციელა
გროზნოზე დრონებით შეტევა იყო,- მომხდარს ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი ადასტურებს.
მისი განცხადებით, გროზნოში პოლიციის სპეციალური პოლკის მიმდებარედ უკრაინული დრონები ჩამოაგდეს.
„გროზნოში, ჩეჩნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსეთის გმირის ა.ა.კადიროვის სახელობის პოლიციის სპეციალური პოლკის ყაზარმების შენობების თავზე დრონი ჩამოაგდეს. სერიოზულად არავინ დაშავებულა. მსუბუქად დაშავდა დაცვის ოთხი ჯარისკაცი. იმ დროს მორიგე პერსონალი ასეთი თავდასხმებისგან დაცულ შენობაში იმყოფებოდა“, – წერს კადიროვი „ტელეგრამ“ არხზე.
კიდევ ერთი დრონის დეტონაცია ჰაერში მოხდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. შედეგად ჩაიმსხვრა ფანჯრები და გაჩნდა ხანძარი, რომელიც კადიროვის თქმით, სწრაფად იქნა ლიკვიდირებული.
კადიროვი თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს.
„არ გამიკვირდება, თუ უკრაინის ნაცისტური სარდლობა ხმამაღლა მოახსენებს თავის დასავლელ ბატონებს გრანდიოზული სპეცოპერაციის კოლოსალური შედეგების შესახებ. ასეთი პათეტიკური ქმედების აზრი მხოლოდ ესაა“, – წერს კადიროვი.