ჩრდილოეთ დარფურის ბაზარზე საჰაერო თავდასხმას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
სუდანელმა სამხედროებმა ჩრდილოეთ დარფურის ბაზარზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რასაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
„გარდიანის“ ცნობით, ამის შესახებ იურისტთა ჯგუფმა განაცხადა, რომელიც კონფლიქტის დროს ადამიანის უფლებების დარღვევებს აღრიცხავს.
„საჰაერო იერიში განხორციელდა ქალაქის ყოველკვირეული ბაზრობის დღეს, სადაც ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლები იყვნენ შეკრებილი საყიდლებზე, რამაც გამოიწვია 100-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი, ხოლო ასობით დაშავდა, მათ შორის, ქალები და ბავშვები“, – განაცხადა იურისტთა ჯგუფმა.
მათ ეს მოვლენა საჰაერო იერიშებით ჩადენილ საზარელ ხოცვა-ჟლეტად შეაფასეს.
სუდანის არმიას თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ცრუ ბრალდებებია. მათივე ინფორმაციით, ისინი ქვეყნის დაცვას კანონიერი უფლების გამოყენებით გააგრძელებენ.