ლაშა ხუციშვილი – 2025 წელს 10%-ით იზრდება მანდატურებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასები

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2025 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 85 მილიონი ლარის ოდენობით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 577 მილიონი ლარით აღემატება. გამოყოფილი თანხები ძირითადად, მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:

· სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 მილიარდ 903 მილიონ ლარზე მეტი. პროგრამის ფარგლებში, 75,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვისათვის. ასევე, გათვალისწინებულია მანდატურებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების 10-პროცენტიანი ზრდა;

· პროფესიული განათლება – 149 მილიონი ლარი;

· უმაღლესი განათლება – 171 მილიონ ლარზე მეტი;

· მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 86 მილიონ ლარზე მეტი;

· ინკლუზიური განათლება – 82 მილიონ ლარზე მეტი;

· ინფრასტრუქტურის განვითარება – 538 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 467 მილიონ ლარზე მეტი. გარდა ამისა, ამავე მიმართულებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 141 მილიონი ლარი და ჯამში, სკოლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხა 600 მილიონ ლარს აჭარბებს;

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 66 მილიონი ლარი;

უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 30,0 მილიონი ლარი;

ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილია 14 მილიონ ლარამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები