გიორგი აბაშიშვილი Fitch-ის რეიტინგზე: არანაირი რისკები საქართველოს ინფლაციასთან დაკავშირებით არ აქვს

“საკრედიტო სააგენტო Fitch-ის რეიტინგში ბევრი პოზიტიური ტენდენციაა გამოკვეთილი, მათ შორის აღნიშნულია სწორი მონეტარული და მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარება ქვეყანაში”, – ამის შესახებ Business Insider Georgia-ს და „ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

„ბევრი პოზიტიური ტენდენციაა გამოკვეთილი რეიტინგის ნაწილში, მათ შორის, განსაკუთრებით აღნიშნულია, რომ აბსოლუტურად სწორი მონეტარული და მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარება ხდება ქვეყანაში. ასევე, აღნიშნულია, რომ არანაირი რისკები ინფლაციასთან დაკავშირებით ამ ქვეყანას არ აქვს. ასევე პოზიტიურად არის შეფასებული ნოემბერში საკმაოდ სწორი პოლიტიკა ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვებასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ ასევე ხაზგასმულია საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა შემდგომ წლებში. ერთადერთი ფაქტორი, რაც აღინიშნება, როგორც რისკი ნეგატივის ნაწილში – ეს არის, სამწუხაროდ, ის შიდა პოლიტიკური დაძაბულობა, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში და რომელიც ბუნებრივია, გარკვეული ტიპის მოკლევადიან რყევებში მინიმუმ გავლენას ახდენს. რეიტინგში ხაზგასმულია, რომ შიდა პოლიტიკის დაძაბულობის შეცვლასთან ერთად ანუ ამ ნაწილის აღმოფხვრასთან ერთად, პოზიტიური მოლოდინები დაიწყებს ავტომატურად ზრდას“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

საკრედიტო სააგენტო Fitch-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, Fitch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქვეყანას ფისკალური მიზნების მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს, რაც მაღალი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებით არის გამოწვეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები