ეროვნული ბანკი: Fitch-ის პროგნოზით, მომდევნო წლებში კვლავ მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია შენარჩუნდება

საკრედიტო სააგენტო Fitch-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, Fitch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში დაბალი ინფლაცია ნარჩუნდება და Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში, კვლავ მიზნობრივ, 3%-ზე ნაკლები იქნება და 2%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.

„2024 წლის იანვარ-ნოემბერში ინფლაციამ საშუალოდ 1% შეადგინა, რაც 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია, ადგილობრივი ფასების შესუსტებული ინფლაციის გამო“, – ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.

„Fitch-ის პროგნოზით, მომდევნო წლებში ინფლაცია კვლავ მიზნობრივზე დაბალი შენარჩუნდება. სააგენტოს ვარაუდით, 2025 წელს ინფლაცია 2.1%, ხოლო 2026 წელს 2.3% იქნება.

მიუხედავად რეზერვების შემცირებასთან დაკავშირებული რისკებისა, Fitch პოზიტიურად აფასებს სებ-ის მიერ მიღებულ ზომებს აღნიშნული რისკების შერბილების მიმართულებით და აღნიშნავს, რომ ნოემბერში სებ-მა რეზერვების შევსების მიზნით 124.5 მილიონი დოლარი შეიძინა.

ამასთან, საკრედიტო სააგენტო აღნიშნავს, რომ სებ-ის გადაწყვეტილება – კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის 5 პროცენტული პუნქტით გაზრდა ხელს შეუწყობს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდას.

ანგარიშის თანახმად, გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა კვლავ განიცდის სოლიდურ ეკონომიკურ ზრდას. სააგენტოს შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში კვლავ სახეზე იქნება მშპ-ის დადებითი ზრდის ტემპი და იგი 5%-ის ფარგლებში დასტაბილურდება”, – ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები