საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კლიმატის სტრეს-ტესტის ჩარჩო შეიმუშავა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კლიმატის პირველი სტრეს-ტესტი ჩაატარა, რომლის მიზანს საქართველოს ფინანსური სექტორისთვის კლიმატთან დაკავშირებული რისკების პოტენციური ზეგავლენის შეფასება წარმოადგენდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეფასდა როგორც მწვავე ფიზიკური რისკები, როგორიცაა ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენები, ასევე გარდამავლობის რისკები, რომლებიც დაბალი-ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლას უკავშირდება. სტრეს-ტესტის მიზანს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევების მიმართ საბანკო სექტორის მდგრადობის შეფასება წარმოადგენდა.
“კლიმატის სტრეს-ტესტის ჩარჩო ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პროგრამის Greening Financial Systems Technical Assistance Programme-ის მხარდაჭერით და EconLab-ის ექსპერტებთან თანამშრომლობით შემუშავდა. პროექტი, რომელიც ორ წელზე მეტხანს გრძელდებოდა, დასრულდა ტექნიკური მისიითა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის ჩატარებული სემინარით, სადაც სტრეს-ტესტის ჩარჩო და პირველადი შედეგები იყო წარმოდგენილი.
კლიმატის სტრეს-ტესტის ჩარჩო მრავალ ანალიტიკურ მოდულს მოიცავს, რომელიც კლიმატური საფრთხეების ეკონომიკური და ფინანსური ზემოქმედების სიმულაციისთვის გამოიყენება. იგი ფოკუსირებულია ფინანსური მდგრადობის ძირითადი მაჩვენებლების, მათ შორის, უმოქმედო სესხებისა (NPL) და კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტებზე, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს სექტორის მდგრადობა სხვადასხვა კლიმატური სტრეს-სცენარის პირობებში.
შედეგები აჩვენებს, რომ ფინანსური სექტორი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ რისკებთან მიმართებით შესაძლოა გარკვეულ მოწყვლადობას ავლენდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა უმოქმედო სესხების წილზე აქვს უხვ ნალექებს. ამასთან, გარდამავლობისა და ქრონიკული ფიზიკური რისკების სცენარის შემთხვევაში, კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტები სამწლიანი პერიოდის განმავლობაში საბაზისო სცენარის მაჩვენებლებზე ქვემოთ ნარჩუნდება, რაც ხაზს უსვამს გრძელვადიანი კლიმატური რისკების ფინანსურ ზეწოლას კაპიტალის ბუფერებზე. ამ გამოწვევების მიუხედავად, საბანკო სექტორი რჩება მაღალ კაპიტალიზაციაზე და მდგრადობას ინარჩუნებს, რაც ამ რისკების მართვისთვის სექტორის მზაობას აჩვენებს.
შედეგები ხაზს უსვამს კლიმატური რისკების მუდმივი მონიტორინგის და პროაქტიური პოლიტიკის საჭიროებას, რათა საქართველოს ფინანსური სექტორი იყოს მზად მომავალში კლიმატურ შოკებთან გასამკლავებლად. მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს გაძლიერებით, ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს გააძლიეროს ფინანსური სექტორის უნარი, მხარი დაუჭიროს საქართველოს მდგრად განვითარებას და გაუმკლავდეს დაბალი ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლის სირთულეებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.