კეზერაშვილი – სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ჩემი ბრალეულობის დადასტურებაზე მითითება არაკეთილსინდისიერი მანიპულაციაა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩემს მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება – სტრასბურგის სასამართლო არ არის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში ეროვნულ დონეზე წარმოდგენილ ბრალდებაზე მსჯელობს და განაჩენს გადასინჯავს, ამიტომ, ჩემი ბრალეულობის დადასტურებაზე მითითება არაკეთილსინდისიერი მანიპულაციაა, რამდენადაც სტრასბურგის სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია საქმის არსობრივ მხარეზე”, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, დადასტურდა – რომ კეზერაშვილმა ჯარისთვის განკუთვნილი თანხები გაფლანგა.
„დღეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩემს მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, რაც წარმოადგენდა კიდეც ჩემი სარჩელის მთავარ მიზანს. მიუკერძოებლობის დარღვევა ნიშნავს, რომ საქმის განხილვა მოხდა ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპების დარღვევით, რაც ადასტურებს, რომ ქართული სასამართლოს განაჩენი მოტივირებულია არა ობიექტური სამართლებრივი საფუძვლებით, არამედ სხვა არალეგიტიმური ინტერესებით.
საზოგადოებისთვის მინდა, დავაზუსტო, რომ სტრასბურგის სასამართლო არ არის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში ეროვნულ დონეზე წარმოდგენილ ბრალდებაზე მსჯელობს და განაჩენს გადასინჯავს. ამიტომ ჩემი ბრალეულობის დადასტურებაზე მითითება არაკეთილსინდისიერი მანიპულაციაა, რამდენადაც სტრასბურგის სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია საქმის არსობრივ მხარეზე. ამ ნაწილში ყველას შევახსენებ, რომ ამ საქმეზე საქართველოს სასამართლოს მიერ ქვედა ინსტანციის ორივე სასამართლომ გამამართლა და მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებზე და თავისუფალ მედიაზე ზეწოლის მიზნით სრულიად დაუსაბუთებლად სამწლიანი ინტერვალით განაახლეს საქმე უზენაესი სასამართლოს მეშვეობით.
ამავე საქმეზე საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში აწარმოებდა პოლიტიკურ დევნას ჩემს წინააღმდეგ.
სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილების ნებისმიერი მანიპულაციური და პროპაგანდისტული ინტერპრეტაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მართლმსაჯულების პოლიტიკურ ხასიათს. როგორც 2021 წელს, უზენაესი სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენის შემდეგ განვაცხადე, ჩემთვის მთავარი იყო სასამართლოს ემსჯელა ინსტრუმენტალიზებული მართლმსაჯულების პროცესში გამოკვეთილ აშკარა პროცედურულ დარღვევებზე, რომელიც პროცესის პოლიტიკურ მოტივაციაზე მიუთითებდა, რაც დღევანდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადასტურა კიდეც.
მინდა, მადლობა გადავუხადო იურისტების ჯგუფს, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში მუშაობდა ამ საქმეზე“, – წერს კეზერაშვილი.