სემეკის გადაწყვეტილებებით, კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაცემული კომპენსაციების ჯამი 16 მილიონ ლარს შეადგენს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 37 საკითხი განიხილა, რომელთა უმეტესობა მოქალაქეებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ სადავო საკითხებს შეეხებოდა.
კომისიამ იმსჯელა ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელსა და წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების (ახალი ობიექტის) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდებისა და პროცედურების შესახებ. კომისიის გადაწყვეტილებების მიხედვით, შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად კომპანიებს ვადები განესაზღვრათ.
სემეკის მიერ დადგენილი „მომსახურების ხარისხის წესებით“ განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის ქსელზე მიერთების პირობებისა და ვადების დარღვევისას, კომუნალურ კომპანიებს მომხმარებლისთვის კომპენსაციის გადახდა ეკისრებათ.
სემეკის გადაწყვეტილებებით, კომპანიების მიერ მომხმარებლებზე 2017 წლიდან დღემდე გაცემული კომპენსაციების ჯამი 16, 255,55 ლარს შეადგენს.
კომისია მოუწოდებს მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მომართონ სემეკს ან მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ ქოლცენტრის ნომერზე 16-216 (ზარი უფასოა ნებისმიერ ოპერატორთან) ან სემეკის სოციალური გვერდის საშუალებით.