“დაუშვებელია საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას არასრულწლოვანისთვის დამაზიანებელი მოქმედებების განხორციელება” – ომბუდსმენი დოდი ხარხელის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს ეხმაურება

“სახალხო დამცველის აპარატი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას დოდი ხარხელის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, სადაც იმყოფებოდა მისი არასრულწლოვანი შვილი”, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, ყოვლად დაუშვებელია საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას არასრულწლოვანისთვის დამაზიანებელი მოქმედებების განხორციელება.

“არსებული ცნობით, არასრულწლოვანი სახლში იყო ჩაკეტილი და ბიძას არ ეძლეოდა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა.

სახალხო დამცველის აპარატს კომუნიკაცია ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ადგილზე გავიდნენ აპარატის წარმომადგენლებიც. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე არასრულწლოვანის ოჯახის წევრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბავშვი გამოყვანილია ბინიდან და განრიდებულია მიმდინარე პროცესებს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყოვლად დაუშვებელია საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას არასრულწლოვანისთვის დამაზიანებელი მოქმედებების განხორციელება. სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს აღნიშნული ვითარება და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო. ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა.

სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ამ ფაქტს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები