ლევან დავითაშვილმა პარლამენტარებს ქვეყნის მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლები, ზრდის დინამიკა, მნიშვნელოვანი რეფორმების და პროექტების მიმდინარეობა გააცნო
ლევან დავითაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების წევრებს ქვეყნის მთავარი ეკონომიკური ტენდენციები და პერსპექტივები გააცნო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსა და სამთავრობო პროგრამაზე „2025–2028 მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ” იმსჯელეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყანაში კვლავ გრძელდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაფიქსირებული პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები.
„იანვარ-სექტემბრის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ 9.9% შეადგინა. მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად საქართველოში დაბალია ინფლაციის მაჩვენებელი – მიმდინარე წლის ოქტომბერში 0.3%. უმუშევრობის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა 2024 წლის სამ კვარტალში და საშუალოდ 13.8% შეადგინა. რაც შეეხება სიღარიბეს – გასულ წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი ისტორიულ მინიმუმამდე, 11.8%-მდე შემცირდა და მხოლოდ სამი წლის განმავლობაში 350 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. თუმცა, აღნიშნული პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, სიღარიბე კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა აქცენტები გააკეთა მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და მომავალი რამდენიმე წლის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებსა და პროგნოზებზეც ისაუბრა. ლევან დავითაშვილის თქმით, 2028 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი 130 მლრდ ლარს, მშპ ერთ სულზე კი 35 000 ლარს (13 000 აშშ დოლარს) გადააჭარბებს.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, დღეისთვის საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საგარეო სავაჭრო პოლიტიკა აქვს, 2023 წელს 2019 წელთან შედარებით საქონლის ექსპორტი 60%-ით, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 63%-ით გაიზარდა. მისი ინფორმაციით, მთავრობა განაგრძობს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის ხელმისაწვდომობას და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, 2025 წელს ხელი მოეწერება სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ასევე გაგრძელდება მოლაპარაკებები ინდოეთთან, ისრაელთან, ყურის არაბულ სახელმწიფოებთან და სერბეთთან.
რაც შეეხება მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას – ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 700 ახალი საწარმო შეიქმნა, ხოლო 800 საწარმო გაფართოვდა და გადაიარაღდა. მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, წარმოების ხელშეწყობის და განვითარების მიზნით, შემდგომ წლებში გაფართოვდება ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, მომდევნო 4 წელიწადში პროგრამების ჯამური დაფინანსება 1,5 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში არსებულ ზრდის დინამიკასთან დაკავშირებით, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფოს გრანტებით დაფინანსებულმა სტარტაპებმა უკვე დააგენერირეს 500 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური სარგებელი და შექმნეს 4 000-მდე ახალი მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილი.
„დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 120-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია ფუნქციონირებს და 10 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. 2025 წლიდან ამუშავდება სრულიად ახალი, სრულმასშტაბიანი აქსელერაციის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს წლიურად 160 სტარტაპის მომზადებას და დაფინანსებას” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა საკომიტეტო მოსმენაზე ტურიზმის სექტორზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2023 წლის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს 4.1 მილიარდ აშშ. დოლარს მიაღწია. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები კი 4.4 მილიარდი დოლარი იქნება. ამასთან, ქვეყნის კურორტების განვითარების მიზნით, შესწავლილია 200-ზე მეტი კურორტისა და საკურორტო ადგილის განვითარების პოტენციალი, შეირჩა 60-ზე მეტი ტურისტულად მიმზიდველი ადგილი.
„მთავრობის მიერ განსახორციელებელი აქტივობების შედეგად, 2028 წლისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6,4 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 11 მილიონამდე გაიზრდება”, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარ მიზნებად ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების მაქსიმალური გაძლიერება დაასახელა. მინისტრობის კანდიდატის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს განახლებადი რესურსების ათვისებაზე მუშაობა, როგორც ჰიდრო, ასევე ქარის და მზის სადგურების მიმართულებით.
ქვეყნის რეგიონების გაზიფიცირება და ელექტროფიცირება ლევან დავითაშვილის გამოსვლის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო. მისი თქმით, გაგრძელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაზისა და ელექტროენერგიის არმქონე სოფლების გაზიფიცირება და ელექტროფიცირება და მომდევნო 4 წლის განმავლობაში გაზიფიცირების სამუშაოები 600-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში განხორციელდება. საბოლოოდ, 95%-მდე გაიზრდება შიდამეურნეობების წილი, რომელთაც გაზზე წვდომა ექნებათ.
მინისტრობის კანდიდატმა აქცენტი გააკეთა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომლის დასრულება 2030 წლისთვისაა დაგეგმილი და ის საქართველოს საშუალებას მისცემს, ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიის პირდაპირი ექსპორტი განახორციელოს.
ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენება – კიდევ ერთი საკითხი იყო, რომელზეც მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მომდევნო წლებში კიდევ მეტად გააქტიურდება საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების, მათ შორის, „შუა დერეფნის” მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით მუშაობა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება მუშაობა შავ ზღვაზე ბულგარეთთან და რუმინეთთან პირდაპირი საბორნე ხაზების დამატების და მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდის მიმართულებით.
ლევან დავითაშვილმა განმარტა, რომ ფინალურ ეტაპზეა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის კერძო პარტნიორის გამოვლენის პროცესი, პორტი კი ოპერირებას, ყველაზე გვიან, 2029 წელს დაიწყებს. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარობა იქნება 600 000 კონტეინერი (TEU) წელიწადში, ხოლო განხორციელებული ინვესტიცია 600 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდება.
მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, რომლის დასრულების შემდეგაც რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 27 მილიონიდან 48 მილიონ ტონამდე, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ავტომატური ბლოკირების სისტემის დამონტაჟებით – 100 მილიონ ტონამდე გაიზრდება. დასკვნით ეტაპზეა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც „შუა დერეფნის” განუყოფელი ნაწილია.
რაც შეეხება ტრანსპორტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან, ავიაციის სექტორს და მისი განვითარების დინამიკას – როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, 2024 წელი შემოსული ავიაკომპანიებისა და ახალი ავიამიმართულებების მხრივ რეკორდული იყო. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა და 2023 წლის მდგომარეობით 6 მილიონ მგზავრზე მეტი შეადგინა.
„2024 წელი რეკორდული იყო, შემოსული ავიაკომპანიებისა და ახალი ავიამიმართულებების მხრივ. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ბაზარზე დაბრუნდნენ ავიაკომპანია Austrian Airlines-ი და British Airways-ი. მგზავრთნაკადის ზრდის პარალელურად, მიმდინარეობს საქართველოს აეროპორტების განვითარების პროცესი,” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.