ირლანდიის კარტოფილის შიმშილობა — მილიონი გარდაცვლილი და მილიონი გადასახლებული

კარტოფილის შიმშილობა, ასევე ცნობილი, როგორც დიდი შიმშილობა, ირლანდიას 1845 წლიდან 1852 წლამდე დაატყდა თავს და ქვეყნის ისტორიის მიმდინარეობაც შეცვალა. კარტოფილის მოსავლის წარუმატებლობამ, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილის ძირითად საკვებს წარმოადგენდა, კატასტროფული შიმშილობა გამოიწვია, რასაც, დაახლოებით, ერთი მილიონი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. კიდევ ერთი მილიონი იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. ამ პროცესმა ღრმა ნაკვალევი დატოვა ირლანდიის საზოგადოებაზე, ეკონომიკასა და კულტურაზე.

შიმშილობის უშუალო მიზეზი იყო კარტოფილის დაავადება — ფიტოფთოროზი, რომელმაც 1840-იანი წლების განმავლობაში დააინფიცირა კარტოფილის ნათესები მთელ ევროპაში, გამოიწვია 100 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ირლანდიის საზღვრებს გარეთ და დიდი გავლენა იქონია 1848 წლის ევროპულ რევოლუციებზე. ეკონომისტები, ძირითადად, თანხმდებიან, რომ 1846 წლის შემდეგ მდგომარეობის გაუარესებაში ბრალი მიუძღვის ბრიტანეთის ვიგების მთავრობის პროტექციონისტულ პოლიტიკას. სხვა გრძელვადიან მიზეზებად განიხილავენ ადგილზე არამცხოვრები მიწის მესაკუთრეების სისტემას და ერთკულტურიან მოსავალზე კარტოფილზე დამოკიდებულებას.

მოშიმშილე ირლანდიური ოჯახი კარაროდან, გოლუეის საგრაფო, დიდი შიმშილობის პერიოდი

დიდი შიმშილობა ირლანდიის ისტორიის გამყოფი აღმოჩნდა. მან მთლიანად შეცვალა ირლანდიის დემოგრაფიული, პოლიტიკური და კულტურული ლანდშაფტი და გახდა მიზეზი ირლანდიის მოსახლეობის ერთსაუკუნოვანი კლებისა. შიმშილობა, როგორც ადგილობრივი ირლანდიელების, ასევე მათი დიასპორების ფოლკლორში აისახა და გახდა გამაერთიანებელი წერტილი სხვადასხვა ეროვნული მოძრაობების მთელ კუნძულზე, რომელიც მაშინ დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ნაწილი იყო. შიმშილობამდე არსებული დაძაბული ურთიერთობა ბევრ ირლანდიელსა და მათ მმართველ ბრიტანულ მთავრობას შორის კიდევ უფრო გაუარესდა, გამწვავდა ეთნიკური და რელიგიური დაძაბულობა და გაძლიერდა ნაციონალიზმი და რესპუბლიკანიზმი, როგორც ირლანდიაში, ისე ირლანდიურ დიასპორაში მთელი მსოფლიოს გარშემო.

აღსანიშნავია, რომ კარტოფილი მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის გახდა ირლანდიის მოსახლეობის დიდი ნაწილის, განსაკუთრებით, სოფელში მცხოვრები ღარიბი მოსახლეობის კვების ძირითადი წყარო. კარტოფილი ადვილად მოსავლელი იყო და ირლანდიის ნესტიან კლიმატშიც ხარობდა, ამიტომ ბევრი ირლანდიური ოჯახი, თითქმის, მხოლოდ კარტოფილს ეყრდნობოდა თავის სარჩენად, რაც მათ განსაკუთრებით დაუცველს ხდიდა იმ შემთხვევისთვის, როდესაც მოსავალი გაფუჭდებოდა. შესაბამისად, ფიტოფთოროზმა ირლანდიაში ნამდვილი ტრაგედია დაატრიალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები