ალგეთის ეროვნულ პარკში საერთაშორისო სკოლა-ბანაკი გაიხსნა

ალგეთის ეროვნულ პარკში, საერთაშორისო სეზონური სკოლა-ბანაკის  – „მთის მდგრადი განვითარების სწავლება“ გახსნის ღონისძიებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე – ბესიკ ამირანაშვილი დაესწრო.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ტექნიკური უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობით გახსნილი ბანაკი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ გარემოსდაცვით პროექტებში, გაიუმჯობესონ ცოდნა და პრაქტიკული უნარები.

სეზონური სკოლა აერთიანებს სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს, როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან. პროექტში მონაწილეობას, პირველ ეტაპზე, 30 სტუდენტი მიიღებს.

ბანაკის გახსნის პირველ დღეს ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი და ეროვნული პარკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მომდევნო 5 დღის განმავლობაში, მონაწილეებისთვის გაიმართება საერთაშორისო ლექცია-სემინარები მთის მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე; ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, პრაქტიკულ გარემოში შეისწავლონ მთის მდგრადი განვითარების გამოწვევები, გაეცნონ დრონის ტექნოლოგიების გამოყენებას, ჩაერთონ ლაშქრობებსა და საველე კვლევებში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ბანაკი დაფინანსებულია CIF საგრანტო პროექტის ფარგლებში, ინოვაციის ფონდის SUSMAUN პროგრამის მიერ, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის გარემოსდაცვითი განათლების განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სააგენტო აქტიურად მონაწილეობს საგანმანათლებლო პროექტებსა და ინიციატივებში, მათ შორის, ბანაკების მხარდაჭერის მიმართულებით, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობების ჩამოყალიბებასა და საზოგადოებაში მდგრადი განვითარების იდეების პოპულარიზაციას.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები