ქვემო ქართლის პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, იძულებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი: 1996 წელს დაბადებული ე.ა., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ს., 1970 წელს დაბადებული თ.მ., 1993 წელს დაბადებული შ.გ., 1948 წელს დაბადებული რ.ა., 1993 წელს დაბადებული ჯ.ა. და 1968 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.
დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ე.ა.-მ, შ.ს.-ს დახმარებით, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლად შერთვის მიზნით 2005 წელს დაბადებულ გოგონას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. სამართალდამცველებმა, მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად დაადგინეს გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი, რის შემდეგაც პოლიციამ ე.ა. და შ.ს. ბრალდებულების სახით დააკავა. ასევე, დაკავებულები არიან ის პირები, რომლებიც ინფორმაციას ფლობდნენ მომხდარი დანაშაულის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინეს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, იძულებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 150-ე და 376-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.