NYT: ისრაელმა შექმნა ყალბი კომპანია ფეთქებადი პეიჯერების წარმოებისთვის, რომლებიც შემდეგ ლიბანში შეიტანეს

ისრაელმა ფეთქებადი პეიჯერების წარმოებისთვის ყალბი კომპანია შექმნა, პეიჯერები კი შემდეგ ლიბანში შეიტანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ, სულ მცირე, კიდევ ორი ყალბი კომპანია შეიქმნა იმ ადამიანების რეალური ვინაობის დასამალად, ვინც პეიჯერებს აწარმოებდა, აღნიშნული პირები კი ისრაელის დაზვერვის ოფიცრები იყვნენ.

გამოცემის თანახმად, როგორც ჩანს, BAC Consulting-ი იყო უნგრული კომპანია, რომელსაც ჰქონდა კონტრაქტი მოწყობილობების წარმოებაზე ტაივანის კომპანიის, Gold Apollo-ს სახელით. ლიბანში მიწოდებულ პეიჯერებში იყო ელემენტები PETN ასაფეთქებელი ნივთიერებებით. ამავდროულად, BAC Consulting-ს ჰყავდა რიგითი კლიენტებიც, რომელთათვისაც ასაფეთქებელი ნივთიერებების გარეშე აწარმოებდა მოწყობილობებს.

როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, პეიჯერების შეტანა ლიბანში 2022 წლის ზაფხულში დაიწყეს, მაგრამ წარმოება გაიზარდა მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ უსაფრთხოების გამო მობილური ტელეფონების გამოყენება აკრძალა. კერძოდ, ნასრალა შიშობდა, რომ ისრაელს, შესაძლოა, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, გაეტეხა ტელეფონების სისტემები და უბრძანა მოძრაობის წევრებს, არ გამოეყენებინათ მობილური ტელეფონები გადაადგილებისა და მოგზაურობის გეგმების შესახებ ინფორმაციის გადასაცემად. ამის ნაცვლად, ჰასან ნასრალა დაჟინებით მოითხოვდა პეიჯერების გამოყენებას, რომლითაც ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები