ირანული ბალისტიკური რაკეტების მოსკოვისთვის გადაცემა, რუსეთის სიღრმეში დარტყმების აკრძალვის მოხსნას დააჩქარებს – პოდოლიაკი
ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემამ, შესაძლოა, დააჩქაროს უკრაინის დასავლელი პარტნიორების გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების ნებართვა მისცეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, ირანმა, შესაძლოა, უარყოს რუსეთისთვის რაკეტების გადაცემის ფაქტი, რადგან ანალოგიური ვითარება იყო „შაჰედის“ ტიპის დრონების გადაცემისა და მათი წარმოებისთვის ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებითაც.
“ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ხვდება, რომ აგრესორ ქვეყანას გადასცემს ამა თუ იმ მოცულობის იარაღს, არღვევს საერთაშორისო კანონს და ექნება სანქციები. ამას ირანი აცნობიერებს, ამიტომ, ინფორმაციას უარყოფს“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
მისივე მტკიცებით, არსებობს დადასტურება, რომ რუსეთი, კასპიის ზღვის საშუალებით, მცირე რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებს იღებს და ამას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება ირანისთვის – უპირველეს ყოვლისა, საუბარია, აშშ-სა და ევროკავშირის სანქციებზე.
„რადგან ჩვენ ვსაუბრობთ მოკლე მანძილზე მოქმედ ბალისტიკაზე, ანუ გამშვები დანადგარები განთავსდება უშუალოდ ფრონტის ხაზის გასწვრივ, რათა ეფექტურად გამოიყენონ. ამიტომ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმები ძალიან ახლო დროის საკითხია, რადგან ეს არის ომის განვითარება“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.